ხერსონის საოკუპაციო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს
ოკუპანტების მიერ დანიშნული ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსი კირილ სტრემოუსოვი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ვლადიმირ პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის „თხოვნით“ მიმართავს.
„ქალაქი ხერსონი - რუსეთის ნაწილია, არავითარი ხერსონის სახალხო რესპუბლიკა [დონბასის მსგავსად] არ შეიქმნება, რეფერენდუმის ჩატარებას არ ვაპირებთ...პუტინს ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ნაწილად აღიარებას ვთხოვთ“, - აცხადებს სტრემოუსოვი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ხერსონში რუსი სამხედროები რეფერენდუმის ჩასატარებლად ნიადაგს ამზადებენ.
„რეფერენდუმის შესახებ მუდმივი საინფორმაციო მომზადება მიმდინარეობს. ხალხი ორი თვეა შიმშილობს, ახლა ყირიმიდან ჩამოტანილი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას დათანხმდნენ. ამ ფონზე [ოკუპანტები] იღებენ ვიდეოს იმის შესახებ, რომ ხერსონში მშვიდობიანი ცხოვრება დაბრუნდა, რუსი მეომრები მოსახლეობას კვებავენ“, - ამბობს BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ერთ-ერთი ხერსონელი.
ხერსონის ოკუპაცია რუსულმა არმიამ 2 მარტს მოახერხა, თუმცა დასავლეთით და ჩრდილოეთით წინსვლა ვერ შეძლო.