კირიენკო კოზაკის ნაცვლად - კრემლში დონბასის კურატორი შეცვალეს
რუსეთში დონბასის თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკების საკითხის კურატორი ამიერიდან სერგეი კირიენკო იქნება, რომელიც ამავდროულად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე და შიდა პოლიტიკის კურატორია.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა РБК ავრცელებს.
რას ნიშნავს კურატორის ცვლილება
აქამდე დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკებთან" თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველო იყო, რომელსაც დმიტრი კოზაკი ხელმძღვანელობს. სწორედ ეს სამმართველოა პასუხისმგებელი რუსეთის ცალკეული რეგიონებისა და არაღიარებული რესპუბლიკების თანამშრომლობაზე - თითოეულ რეგიონს თავისი კურატორი ჰყავს.
გამოცემის ინფორმაციით, ამავე სამმართველოს შიგნით უკვე შექმნილია დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ლუჰანსკისა და დონეცკის კვაზირესპუბლიკებთან ურთიერთობებზე. კრემლთან დაახლოებული სხვა წყაროების ცნობით, ეს დეპარტამენტი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ამ საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
თავის მხრივ, ეს როგორც მინიმუმ მიანიშნებს დონეცკისა და ლუჰანსკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და კრემლის ძალისხმევაზე, რომელიც ამ სეპარატისტულ წარმონაქმნებთან ერთიანი პოლიტიკური სივრცის შექმნაზეა მიმართული.
ასევე, პერსპექტივაში ამგვარი ცვლილება ნათლად მიანიშნებს რუსეთის შესაძლო გეგმაზე გარკვეულ ეტაპზე ამ ტერიტორიების შემოერთების კუთხით.
РБК-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო ჰყვება, რომ დმიტრი კოზაკი პასუხისმგებელი იყო მინსკის შეთანხმების რეალიზაციის პროცესში მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც 22 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სერგეი კირიენკო დონბასში იმყოფებოდა, სადაც სეპარატისტების ლიდერებს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით კირიენკოს თან ახლდა საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ანდრეი იარინი და კრემლის შიდა პოლიტიკური ბლოკის სხვა თანამშრომლები.
"კრემლის ჩინოვნიკების მივლინება დონბასში პრეზენტაციული და გაცნობითი ხასიათის იყო. საჭირო იყო შიდაპოლიტიკური ბლოკის ჩინოვნიკებს პირადად გაეცნოთ ადამიანები, რომლებთანაც მოუწევთ მუშაობა", - ამბობს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბარში.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის შემოერთებაზე რუსეთის პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ წრეებში დიდი ხანია საუბრობენ.
სეპარატისტული რეგიონების შემოერთების საკითხი გაჟღერდა 21 თებერვლის ცნობილ უშიშროების საბჭოს სხდომაზეც. შეგახსენებთ, მაშინ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერდა "დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების გაერთიანებას რუსეთის შემადგენლობაში'.
მალევე ნარიშკინს სიტყვა გააწყვეტინა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც თქვა, რომ სხდომაზე ამ საკითხს არ განიხილავდნენ. ამის შემდეგ ნარიშკინმა მხარი დაუჭირა დონბასის "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარებას.
იმავე დღეს, რამდენიმე საათში ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. 24 თებერვალს დილით კი უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ლუჰანსკელი სეპარატისტების ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება უახლოეს მომავალში განიხილებოდა.
რამდენიმე საათში პასეჩნიკმა თავისი განცხადება განმარტა და თქვა, რომ რეფერენდუმზე მსჯელობა"მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი".
უკვე 29 მარტს რუსეთთან მიერთების საკითხზე ისაუბრა დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშილინმაც. მისი თქმით ამაზე მსჯელობა "რესპუბლიკაში მას შემდეგ დაიწყება, რაც ტერიტორიების გათავისუფლების პროცესი დასრულდებოდა".