კლიჩკო: კიევმა გერმანიისგან 12 რეანიმობილი და 8 სახანძრო მანქანა მიიღო
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს მიუნხენიდან და გერმანიის სხვა ქალაქებიდან შემოწირული ტექნიკისთვის. უკრაინის დედაქალაქმა სასწრაფო დახმარების 12 მანქანა, რვა სახანძრო-სამაშველო მანქანა და სხვა აღჭურვილობა მიიღო. ინფორმაცია კიევის მერმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.
"დღეს მუნიციპალურ ასოციაციას გადავეცი 12 რეანიმობილი უახლესი ტექნიკით, რომლებიც ჩემი თხოვნით გადმოგვცა მიუნხენმა, დაძმობილებულმა ქალაქმა. ასევე, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებმა კიევს რვა სახანძრო-სამაშველო მანქანა და საჭირო აღჭურვილობა გადასცეს. მადლობა ჩვენ გერმანელ პარტნიორებსა და მეგობრებს კიევისა და უკრაინის დახმარებისთვის", - წერს ის.
კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული მანქანები უკვე გამოიყენება კიევის რეგიონის გათავისუფლებულ რაიონებში.
"და დღეს ქალაქმა ეს ყველაფერი გადასცა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთავარ სამმართველოს კიევში. სასწრაფო დახმარების მანქანები და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დღეს ქალაქს ძალიან სჭირდება. ისინი ხომ არა მხოლოდ დედაქალაქში მუშაობენ, არამედ ქალაქგარეთაც - ბუჩაში, ირპინში, გოსტომელში, ბოროდიანკაში", - განაცხადა მერმა.