კრემლი როსგვარდიისგან მეორე არმიის შექმნას გეგმავს
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა სასწრაფო წესით მიიღეს რამდენიმე კანონი, რომელიც როსგვარდიას პრაქტიკულად ყველა იმ შეიარაღების ქონის უფლებას აძლევს, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
კანონპროექტი უწყების ბაზაში 17 ივლისს გამოჩნდა, უკვე 19 ივლისისთვის კანონი ქვედა პალატას 3 მოსმენით ჰქონდა მიღებული. ამ დროისთვის კანონპროექტი განსახილველად ფედერაციის საბჭოს გაეგზევნა, ეს უკანასკნელი ხელი საბოლოო დასტურისთვის პროექტს ვლადიმირ პუტინს 28 ივლისს გადაუგზავნის.
რუსეთის ხელისუფლებამ როსგვარდიის რეფორმირება ევგენი პრიგოჟინის და ვაგნერის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხის შემდეგ დაიწყო. პრიგოჟინის ამბოხმა მწვავედ დააყენა არმიის ლოიალურობის საკითხი.
ამბოხიდან მალევე გაუჩინარდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რუსი გენერალი და სამხედრო მეთაური, მათ შორისაა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, სერგეი სუროვიკინი.
Wall Steet Journal-ის ინფორმაციით, ამბოხიდან რამდენიმე დღეში საქმიანობას ჩამოაშორეს ან დააკავეს ოცამდე სამხედრო მაღალჩინოსანი.
როსგვარდიის გაძლიერების შესახებ ცნობილი 26 ივნისს გახდა - უწყების მეთაური, ვიქტორ ზოლოტოვი ამბობდა, რომ მათ ამიერიდან ტანკებისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების ქონის უფლება მიენიჭებოდათ.
დუმის მიერ მიღებული კანონი სერიოზულად გააძლიერებს პუტინის დაცვის ყოფილი უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის უწყებას.