კვლევების მიხედვით ჰარისი, საკვანძო შტატებში, ტრამპთან სხვაობას სწრაფად ამცირებს

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიიდან ჯო ბაიდენის გასვლის შემდეგ, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, საკვანძო შტატებში, დონალდ ტრამპთან სხვაობას სწრაფად ამცირებს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ რბოლიდან გასვლის შემდეგ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით Washington Examiner ავრცელებს

საუბარია ე.წ. მერყევ შტატებზე, რომელთა შედეგებიც გადამწყვეტი იქნება ნოემბრის არჩევნებზე, თუმცა, ჰარისი ამცირებს სხვაობას ეროვნულ კვლევებშიც. 

ასე მაგალითად, Wall Street Journal-ის დაკვეთით ეროვნულ დონეზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, დონალდ ტრამპი 49%-ით ლიდერობს, ხოლო ჰარისს 47% აქვს. ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნამდე ტრამპის უპირატესობა 6%-ს აღწევდა. 

ყველაზე მკვეთრად ვითარება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მინესოტაში შეიცვალა - რბოლიდან ბაიდენის გასვლამდე აქ კვლევები მყარ ფრეს (45-45%) აჩვენებდა, თუმცა 26 ივლისს Fox News-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევით კამალა ჰარისი 6%-ით უსწრებს რესპუბლიკელთა კანდიდატს. 

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის შანსები საგრძნობლად გაიზარდა 2 საკვანძო შტატში - ვისკონსინსა და მიჩიგანში. ჯერ კიდევ გასულ კვირას ტრამპი ამ შტატებში ბაიდენს 5% და 3%-ით უსწრებდა.

იმავე Fox-ის კვლევებით, ამ დროისთვის ტრამპის უპირატესობა ვისკონსინში 1%-მდეა შემცირებული, ხოლო მიჩიგანში კი არცერთ კანდიდატს არ აქვს უპირატესობა. რამდენიმე დღის Emerson Hill College-ის და გამოცემა Hill-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ტრამპს 1%-იანი უპირეტესობა აქვს მიჩიგანში, თუმცა ვისკონსინში კანდიდატების მხარდაჭერა თანაბარია. 

ტრამპსა და ჰარისს შორის უკიდურესად დაძაბული ბრძოლაა კიდევ ერთ საკვანძო შტატში, პენსილვანიაში, რომლის შედეგებსაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს საარჩევნო კოლეგიაში უმრავლესობის მოსაპოვებლად. 

Fox-ის კვლევის მიხედვით პენსილვანიაში ვითარება თანაბარია და არცერთ კანდიდატს არ აქვს უპირატესობა, თუმცა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ამ შტატში ტრამპს 3%-იანი უპირატესობა ჰქონდა. 

კონტექსტი 

21 ივლისს ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ გამოაცხადა. ბაიდენმა ნოემბრის არჩევნებზე მხარი საკუთარ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს დაუჭირა. 

კამალა ჰარისი ამ დრომდე ერთადერთი დემოკრატია, რომელმაც პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის სურვლი გამოთქვა. ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებმა, სენატორებმა, გუბერნატორებმა და ისეთმა გავლენიანმა წევრებმა, როგორებიც ნენსი პელოსი და ბარაკ ობამა არიან. 

პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად ყრილობაზე დაამტკიცებს, რომელიც 19 აგვისტოს ჩიკაგოში აიღებს სტარტს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. 

მსგავსი სიახლეები