ლე პენის დისშვილი ერიკ ზემურის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთო

 

პარტია ეროვნული გაერთიანების ლიდერის დისშვილი, ყოფილი პარლამენტარი მარიონ მარეშალ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ერიკ ზემურს დაუჭერს.

„მჯერა, რომ გამარჯვება შესაძლებელია“, - განაცხადა 32 წლის პოლიტიკოსმა ტულონში ზემურის მხარდამჭერების ყრილობაზე.

კონსერვატიული და პოპულისტური ხედვებით გამორჩეული ლე პენი და ზემური არჩევნების წინ ულტრამემარჯვენე ამომრჩევლების გადაბირებას ცდილობენ.

იანვარში, როცა მარიონ მარეშალის ზემურის ბანაკში გადასვლის შესახებ ხმები პირველად დაირხა, მარინ ლე პენმა დისშვილის ნაბიჯს „შოკისმომგვრელი და ულმობელი“ უწოდა.

უმცროსი ლე პენი პოპულარობით სარგებლობდა ეროვნული გაერთიანების რადიკალურ კონსერვატიულ წრეებში.

შაბათს გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის თანახმად, არჩევნების პირველ ტურში მოქმედ პრეზიდენტს ხმას ფრანგების 30.5 პროცენტი მისცემდა.

მაკრონს 14.5 და 13 პროცენტებით მარინ ლე პენი და ერიკ ზემური მოსდევენ.

პარტია რესპუბლიკელების კანდიდატი ვალერი პეკრესი, რომელსაც გასულ თვეში მეორე ტურში გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, ხმათა 11.5 პროცენტს მოაგროვებდა.

მემარცხენე ბანაკის ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონს მხარს რესპონდენტების 12 პროცენტი უჭერს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 10 აპრილს გაიმართება.


 

მარიონ მარეშალი ეროვნული ასამბლეის წევრად ვოკლუზის დეპარტამენტიდან (სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთი) წევრად 2012 წელს, 22 წლის ასაკში აირჩიეს.

2017 წელს უმცროსმა ლე პენმა აქტიური პოლიტიკური ცხოვრების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და აკადემიურ კარიერას მიჰყო ხელი.

მსგავსი სიახლეები