ლიბანელი მინისტრი, რომელმაც იემენის ომში საუდის არაბეთის ჩარევა გააკრიტიკა, გადადგა
ლიბანის ინფორმაციის მინისტრი, რომელმაც სატელევიზიო ინტერვიუში საუდის არაბეთის იემენის ომში ჩარევა გააკრიტიკა, თანამდებობიდან გადადგა.
“ვერ დავუშვებ, რომ ლიბანის საუდის არაბეთთან და ყურის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გამწვავება მე დამაბრალონ“, - განაცხადა ჯორჯ კორდაჰიმ.
Al Jazeera-ს ინფორმაციით, ლიბანელი მინისტრის გადადგომა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ორ ქვეყანას შორის შუამავლობის წინაპირობა იყო.
ოქტომბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში კორდაჰიმ განაცხადა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები იემენში „საგარეო აგრესიისგან“ თავს იცავდნენ. მან საუდის არაბეთის სამხედრო კამპანიას მეზობელ ქვეყანაში „უშედეგო“ უწოდა და ერ-რიადს ოპერაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
მარონიტი ქრისტიანი მინისტრის კომენტარმა ლიბანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები გაამწვავა.
ერ-რიადმა ბეირუთიდან ელჩი გამოიწვია და ქვეყნიდან ლიბანელი დიპლომატი გააძევა. საუდის არაბეთმა ემბარგო დაადო ლიბანურ საქონელსაც, რითაც ლიბანის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდა.
ბეირუთის წინააღმდეგ მსგავსი ზომები მიიღეს გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა, ქუვეითმა და ბაჰრეინმა.
ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ მიქათიმ მისი კაბინეტის წევრისგან დისტანცირება სცადა და განაცხადა, რომ მინისტრის კომენტარი „მთავრობის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავდა“.
საუდის არაბეთი თვლის, რომ მრავალკონფესიურ ლიბანში „ჰეზბოლამ“ - რომელიც ირანის მოკავშირედ ითვლება - პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა. შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება ალიანსშია ლიბანის ქრისტიანული თემის პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის კორდაჰის პარტია „მარადასთან“.