ლუკაშენკო: კორონავირუსი ონკოლოგიურ დაავადებებს კურნავს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ შესაძლოა კორონავირუსი "ონკოლოგიური დაავადებების წამლად იქცეს", ამის შესახებ მან მინსკის ოლქის ექიმებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლუკაშენკოს გამოსვლის ნაწყვეტს ტელეგრამ-არხი "Пул Первого" აქვეყნებს.
"მიხარია, რომ დღეს თქვენი საავადმყოფოს ონკოლოგიურ ცენტრში ვარ. რაღაც კარგი აღმოვაჩინე. კორონავირუსმა ამ ეტაპზე გრიპი გააქრო, უფრო სწორად, ადამიანებს პრაქტიკულად აღარ ემართებათ გრიპი. ასევე ონკოლოგები ეჭვობენ, რომ ამავე მიზეზით ონკოლოგიური დაავადებები შემცირდა. ეს მიმართვიანობის ნაკლებობის გამო არ მომხდარა. მე ბედნიერი ვიქნები, თუ ეს გრიპის მსგავსად მოხდება, იმიტომ რომ კორონავირუსით დაავადებულების მკურნალობა უფრო მარტივია, ვიდრე ონკოლოგიური დაავადებების. ღმერთმა ქნას, რომ კორონავირუსი კიბოს წამალი იყოს", - აღნიშნა მან.
სიმსივნური დაავადებების შემცირებაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ ჰიპოთეზის ავტორი ბელარუსის სამეცნიერო და პრაქტიკული ონკოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილე სერგეი კრასნია.
სპეციალისტის თქმით, კორონავირუსის გამო პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აქვთ და ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები ამის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.
კრასნიმ ასევე განმარტა, რომ კორონავირუსის გადატანისას "ანტისხეულების დიდი რაოდენობა გამომუშავდება. ამ ყველაფერს შეუძლია შეაფერხოს სიმსივნური უჯრედების ზრდა, გამოიწვიოს მათი რეგრესია და ზოგიერთ შემთხვევაში განკურნება."