ტრამპის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ლუკაშენკომ 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა

დონალდ ტრამპის წარმომადგენელთან, ჯონ კოულთან, შეხვედრის შემდეგ ბელარუსის დიქტატორმა 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. სანაცვლოდ ვაშინგტონმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ავიახაზებს.
ვითარების არსი: ამერიკელ ჩინოვნიკთან შეხვედრის ვიდეოში ლუკაშენკო ამბობს, რომ მზად არის დონალდ ტრამპთან „დიდი გარიგებისთვის.“
- „რამდენადაც ტრამპის ბოლო გამოსვლიდან მივხვდი, მას ადარდებს ე.წ. მძევლებისა თუ პოლიტპატიმრების საკითხი — მე არ ვარ წინააღმდეგი, შეგვიძლია ეს საკითხიც უფრო გლობალურად განვიხილოთ,“ — თქვა ლუკაშენკომ.
- ბელარუსის დიქტატორის თქმით, მისთვის პოლიტპატიმრების საკითხი არ არის პრიორიტეტული: „ალბათ არც თქვენთვის; ეჭვი მაქვს, მსოფლიოში სხვა პრობლემებიც საკმარისია.“
- ლუკაშენკოსა და კოულის შეხვედრის პარალელურად ლიეტუვის პრეზიდენტმა, გაუტანას ნაუსედამ, განაცხადა, რომ ციხეებიდან გათავისუფლდა 52 პოლიტპატიმარი.
ჩაშლილად: ბოლო თვეებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ლუკაშენკომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. 21 ივნისს, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან, შეხვედრის შემდეგ საპატიმრო 14 ადამიანმა დატოვა. გათავისუფლებულებს შორის იყო ოპოზიციური ლიდერი, სერგეი ტიხანოვსკი.
- დღევანდელი შეთანხმების შედეგად საპატიმრო დატოვა ბელარუსული ოპოზიციის ვეტერანმა, 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილემ, სერგეი სტატკევიჩმა, რომელიც 2020 წელს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე დააპატიმრეს.
- ლიეტუვური მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან მესამე ქვეყნების (ლატვია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) მოქალაქეები — სულ 14 ადამიანი, ხოლო დანარჩენები ბელარუსის მოქალაქეები არიან.
- გაუტანას ნაუსედა მიესალმა სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, თუმცა აღნიშნა, რომ ბელარუსის სხვადასხვა ციხეებში ამ დრომდე 1000-ზე მეტი პოლიტპატიმარი რჩება.
კონტექსტი: დღევანდელ შეხვედრას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის მიერ ლუკაშენკოს შესახებ გავრცელებული კომპლიმენტარული განცხადებები, რომლებშიც ბელარუსის დიქტატორი დახასიათებული იყო როგორც „პატივცემული ადამიანი“ და „ძლიერი ლიდერი.“
- დღევანდელ შეხვედრაზე კოულმა ბელარუსის დიქტატორს დონალდ ტრამპის წერილი გადასცა.
- ამერიკული ადმინისტრაციის კიდევ ერთი „საჩუქარი“ იყო ბელარუსის ავიახაზებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება, რაც, პოლონური Rzeczpospolita-ს ცნობით, ლუკაშენკოს მთავარი წინაპირობა იყო.
- Belavia-ს ამერიკული სანქციები 2023 წელს დაუწესდა, ხოლო ევროკავშირის სანქციები 2021 წლიდან. ავიახაზების სანქცირების მიზეზი ბელარუსის ძალოვანი უწყებების მიერ მინსკის აეროპორტში მუქარის შემდეგ Ryanair-ის ბოინგის დაჯდომის იძულება გახდა.
- ბორტზე, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდა, ოპოზიციური ტელეგრამ-არხის NEXTA-ს ერთ-ერთი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი და მისი საცოლე იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი თვითმფრინავშივე დააპატიმრეს.