ლუკაშენკომ ბელორუსის კგბ-ს ოფიცრები "უკრაინაში სპეცოპერაციაში მონაწილეობისთვის" დააჯილდოვა
31 მაისს ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთოხების კომიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც უკრაინაში "სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახურის ნახევრად ოფიციალური ტელეგრამის არხი "Пул Первого" ავრცელებს.
"პირველის სამუშაო განრიგში კიდევ ერთი ღონისძიება - სათაურით "სრულად საიდუმლო". პრეზიდენტმა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე კგბ-ს სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში არ ჩანს "სპეცოპერაციაში" ბელორუსის სპეცსამსახურების დამოუკიდებელი ოპერაცია იგულისხმება თუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ნაწილი.
ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ ლუკაშენკომ დღეს გამართა შეხვედრა კგბ-ის თავმჯდომარის ივან ტერტელის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის იგორ სერგეენკოს, თავდაცვის მინისტრის ვიქტორ ხრენინისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით, რომელზეც მან "ინფორმაციული პოლიტიკის გაუმჯობესებაზე" ისაუბრა.
კერძოდ, მან თქვა, რომ "კოლექტიური დასავლეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს ბელორუსზე ფსიქოლოგიური ოპერაციებისა და ადამიანების გონებაზე ზემოქმედების მეთოდების გამოყენებით", ხოლო უკრაინაში "ვითარდება სცენარი, რომელიც ჩვენს მიწაზე ვერ განახორციელეს."