მაკრონი ევროკავშირის სამიტზე უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხს დააყენებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 18-19 დეკემბერს, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხს განიხილავს. 

ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ბრიუსელში, ანონიმურ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

რადიო თავისუფლების თანამოსაუბრის თქმით, ეს დისკუსია გარდაუვალია საფრანგეთის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტისა და მედიაში სამშვიდობოების თემაზე დისკუსიების გათვალისწინებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, უკრაინის ომის საკითხზე ევროკავშირის პოზიციის მომზადებაა საჭირო.

კიდევ ორმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ეს დისკუსია სწორედ იმიტომ იხსნება, რომ ორგანიზაცია ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან საუბრისთვის მოემზადოს.

ამასთან, მათი თქმით, სამშვიდობოების თემა ჯერ კიდევ ძალიან ახალია და იდეის დონეზეა.

Reuters დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ცდილობს 5-8 ევროპული ქვეყნის კოალიცია შექმნას "გადამწყვეტი მოქმედებისთვის."

საინფორმაციო სააგენტო ასევე იუწყება, რომ 18 დეკემბერს, ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე შეკრებს უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერებს, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ცალკე სასაუბროდ.

მაკრონს ჯერ ოფიციალურად არ გაუკეთებია კონკრეტული შეთავაზება უკრაინის ტერიტორიაზე მისიის გაგზავნის შესახებ.

მსგავსი სიახლეები