მაკრონი: მხარს ვუჭერთ უკრაინას და სრულად ვუზრუნველყოფთ მშვიდობას ევროპაში

ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ აცხადებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, მისი თქმით, ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია. 

სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოქვეყნებულ პოსტში საფრანგეთის პრეზიდენტი წერს - "ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ავიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ეს საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესია და მისი გარანტი მე ვარ."

მაკრონის თქმით, საფრანგეთსა და მის პარტნიორებს აქვთ მკაფიო პოზიცია, რომელიც უკრაინაში გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობისადმი სწრაფვაში გამოიხატება. ამასთანავე, მაკრონი აღნიშნავს, რომ იზიარებს დონალდ ტრამპის პოზიციას "რუსეთის აგრესიული ომის" მაქსიმალურად სწრაფად დასრულების აუცილებლობის შესახებ. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ძალისხმევა მომდევნო პერიოდში დამყარებული იქნება შემდეგ პრინციპებზე: უკრაინა უნდა მონაწილეობდეს სამშვიდობო პროცესში და მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, მშვიდობა უნდა იყოს გრძელვადიანი და მტკიცე და თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების საჭიროებების გათვალისწინება. 

გარდა ამისა, მაკრონმა დაანონსა უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე კოლექტიური ხარჯების ზრდა, რომლის შესახებ მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები