მაკრონმა 1961 წელს ალჟირელი დემონსტრანტების დარბევა დაგმო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 60 წლის წინ პარიზში ალჟირელი დემონსტრანტების დარბევა დაგმო და "უპატიებელი დანაშაული" უწოდა.
"რეპრესიები იყო სასტიკი და სისხლიანი", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. "ამ ტრაგედიას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ და უარყოფდნენ."
მაკრონი დემონსტრაციის ბეზონსის ხიდზე, დარბევის ადგილას მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. ცერემონიას აქციის მონაწილეები, დაღუპულების ოჯახის წევრები და ალჟირის დამოუკიდებლობის მოძრაობის ვეტერანები ესწრებოდნენ.
1961 წელს აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ელისეს სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა. აქციის ზოგიერთი მონაწილე აცხადებს, რომ დარბევას მინიმუმ 200 ალჟირელი შეეწირა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ნაწილი კი მდინარე სენაში დაიხრჩო.
იმ დროს პარიზის პოლიციის პრეფექტი მორის პაპონი იყო, რომელიც შემდგომში ადამიანობის წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლეს, რადგან მეორე მსოფლიო ომისას ებრაელების დეპორტაციაში იყო ჩართული.