"მძიმე დარტყმა ერდოღანისთვის" - თურქული ოპოზიციის მოულოდნელი გამარჯვება
თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში ბოლო ათწლეულებში ყველაზე მძიმე ელექტორალური მარცხი განიცადა.
ერდოღანის სამართლიანობის და განვითარების პარტია დამარცხდა ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქებში - სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, იზმირსა და ანტალიაში.
ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვება ოპოზიციამ კვლავ სტამბოლში მოიპოვა, სადაც ერდოღანი აქტიურად იყო ჩართული მისი პარტიის კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში.
"სტამბოლმა თავისი არჩევანი გააკეთა. ერთი ადამიანის მმართველობის ერა დასრულებულია",- განუცხადა ქალაქის ცენტრში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს. ოპოზიციის მხარდამჭერების ზეიმი ქალაქში დილამდე გაგრძელდა.
1997 წლის შემდეგ ქემალისტური პარტია პირველად ლიდერობს ეროვნულ დონეზე. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკურმა პარტიამ (CHP) ხმათა 38% მიიღო, ხოლო ერდოღანის პარტიამ კი 35%. შედარებისთვის 2019 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ერდოღანის პარტიამ 44% მიიღო, ხოლო ქემალისტებმა 30%.
"თურქეთის ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო მმართველი ალიანსის დამარცხება და ერდოღანის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი განაცდევინა",- ამბობს Financial Times-სთან საუბარში სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი, ბერქ ესენი.
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ანკარის ცენტრში შეკრებილ მომხრეებთან მიმართვაში ერდოღანმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მისი მთავრობა მომდევნო თვეებში ინფლაციისა და სხვა ეკონომიკური საკითხების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.
"სამწუხაროდ ჩვენ ვერ მივიღეთ სასურველი შედეგები, შედეგები, რომლის იმედიც გვქონდა, მაგრამ არანაირ გარემოებებში ჩვენ არ გამოვიჩენთ უპატივცემულობას ჩვენი მოქალაქეების არჩევანის მიმართ."
ადგილობრივ არჩევნებში განცდილი მარცხი განსაკუთრებით მოულოდნელი იყო გასული წლის მაისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ფონზე, რომელზეც ერდოღანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.
არჩევნებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეკრემ იმამოღლუს პოზიციები როგორც ერდოღანის მთავარი კონკურენტის და პოლიტიკოსის, რომელსაც ერდოღანის დამარცხება ძალუძს.
"ერდოღანს აღარ უნდა ჰქონდეს ოპოზიციის დაბნეულობის იმედი",- Brooking-ის მკვლევარი, ამბობს ასლი აიდინთაშბაში.
მურატ ქურუმი - ერდოღანის კანდიდატი იმამოღლუსთან მნიშვნელოვანი 11%-ით დამარცხდა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში სტამბოლის მერის არჩევნებში გამოვლენილი ყველაზე დიდი სხვაობაა.
იმამოღლუს ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფინანსური და სხვა რესურსების მხარდაჭერის ფონზე, რითიც პარტიამ საკუთარი კანდიდატი უზრუნველყო. ქურუმის წინასაარჩევნო კამპანიაზე პარტიამ მილიონობით დოლარი დახარჯა, მის აქტივობებს პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში აშუქებდა მთავრობასთან დაახლოებული მედია.
კიდევ უფრო დრამატული იყო ერდოღანის მარცხი დედაქალაქ ანკარაში. აქ მოქმედმა მერმა, მანსურ იავაშმა ხმათა 60%-ით გაიმარჯვა, იმ ფონზე როდესაც მისმა კონკურენტმა ერდოღანის პარტიიდან ხმათა მხოლოდ 32% მიიღო.
ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების გარდა, ერდოღანის პარტია მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა რამდენიმე პროვინციაშიც, რომლებიც ბოლო ათწლეულებში AKP-ს მყარ ელექტორალურ ბაზად მიიჩნეოდა.
მაღალი ალბათობით ქემალისტების კონტროლქვეშ აღმოჩნდება ქალაქები ადიამანი და ქილისი, რომლებიც გასული წლის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონებია.
2019 წლის არჩევნებთან შედარებით შედეგები მცირედით გააუმჯობესა პრო-ქურთულმა პარტიამაც - სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში თანასწორობისა და დემოკრატიის პარტია 10 პროვინციულ დედაქალაქში იმარჯვებს.
ქვეყნის ყველაზე რელიგიურ რეგიონებში, სირიის მოსაზღვრე სანლიურფასა და იოზგატში ისლამისტური პარტია იმარჯვებს. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია ერდოღანს უჭერდა მხარს, თუმცა ისრაელთან ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე უთანხმოების გამო პარტიამ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებზე დამოუკიდებლად ასპარეზობდა.