მედია: ფინეთი და შვედეთი ნატოში წევრობაზე ერთობლივ განაცხადს მაისში შეიტანენ
ჰელსინკი და სტოკჰოლმი მაისში ნატოში წევრობაზე განაცხადის ერთობლივად შეტანას აპირებენ.
ინფორმაციას ფინური ტაბლოიდი ილტალეჰტი და შვედური ექსპრესენი ავრცელებენ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ილტალეჰტის ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო სტოკჰოლმში ჩასვლას მაისის შუა რიცხვებისთვის გეგმავს, საიდანაც სამხედრო ალიანსში წევრობაზე ოფიციალურ სურვილს გააჟღერებს.
23 აპრილს ფინეთის პარლამენტში გამართული მოსმენის დროს ყველა მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ალიანსში წევრობას მხარი დაუჭირა.
სკანდინავიის ორი მეზობელი ქვეყანა ნატოს წევრი არ არის და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შვედეთსა და ფინეთში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.