მედვედევი მოსკოვში მომხდარ თავდასხმას გამოხმაურებაში უკრაინას ემუქრება

დმიტრი მედვედევი პოდმოსკოვიეში სავაჭრო ცენტრზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და მორიგ ჯერზე დაემუქრა უკრაინას. 

"არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუ ძალას ძალა არ დაუპირისპირდება და სიკვდილის ტერორისტების ტოტალური ლიკვიდაცია და მათი ოჯახის წევრების რეპრესიები არ მოჰყვა. ეს არის მსოფლიოს გამოცდილება",- წერს მედვედევი. 

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, მსგავსად უნდა მოექცნენ მომხდარის იდეურ შთამაგონებლებსაც - "თუ კი აღმოჩნდება, რომ თავდამსხმელები კიევის რეჟიმის ტერორისტები აღმოჩნდებიან, თითოეულ მათგანს უნდა მივაგნოთ და შეუბრალებლად გავანადგუროთ. მათ შორის, ოფიციალურ პირებიც, ამ ბოროტმოქმედების ავტორები",- წერს მედვედევი. 

კონტექსტი

თეთრი სახლის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან რამენაირი კავშირი აქვს უკრაინას, ან უკრაინელებს. 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს მოსკოვში განვითარებულ მოვლენებთან. 

ცოტა ხნის წინ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად დაღუპულია 40 და დაჭრილია 120-ზე მეტი ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები