მედვედევი მსოფლიოს "ბირთვული აპოკალიფსის" მოახლოებით აშინებს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ბირთვული კონფლიქტის საფრთხე გაიზარდა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება "ბირთვულ აპოკალიფსს" აახლოებს.
მედვედევმა პროპაგანდისტებთან ინტერვიუს ფრაგმენტი თავის Telegram-ზე გამოაქვეყნა.
"გაქრა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე? არა, არ გამქრალა. გაიზარდა. უცხოური იარაღის უკრაინისთვის მიწოდების ყოველი დღე, საბოლოოდ აახლოებს ამ ბირთვულ აპოკალიფსს. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ არ სჯეროდათ და ვერ ხედავდნენ რამდენად გადამწვეტი ზომების მიღებისთვის არის მზად რუსეთი, მისი პრეზიდენტი ან უმაღლესი მთავარსარდალი. და არასწორად გათვალეს. შედეგები გაცილებით რთულია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო, დეკემბერში ჩვენთან დოკუმენტზე რომ მოეწერათ ხელი." - აცხადებს ის.
ალბათ, მედვედევს მხედველობაში ჰქონდა შეთანხმება, რომელიც რუსეთის ფედერაციამ 2021 წლის დეკემბერში დასავლეთს შესთავაზა, რაც მოიცავდა ნატოს გაფართოების შეჩერებას და ალიანსის საზღვრების 1997 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას.
ბოლოს რუსული ბირთვული საფრთხე აქტუალური თებერვალში გახდა, როდესაც მოსკოვი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებიდან (START-3) გამოვიდა.