მელონი: უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ
იტალია უკრაინას სამი ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს - SAMP-T, Skyguard და Spada.
ამის შესახებ 21 თებერვალს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა.
"როცა საქმე ეხება ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს აგრესია, მაშინ ყველა იარაღი, რომელიც მას მიეწოდება, არის თავდაცვისთვის. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად კონცენტრირებული ვართ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე საფრანგეთთან ერთად, რათა გავაერთიანოთ ჩვენი ტექნოლოგიები. მნიშვნელოვანია, რომ [უკრაინის] სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP-T, ისევე როგორც სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები - Skyguard და Spada. დღეს სტრატეგიული მიზანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა", - განაცხადა მელონიმ და უპასუხა შეკითხვას უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემის შესახებ.
ზელენსკიმ იტალიის სამხედრო დახმარების პაკეტს "ძლიერი" უწოდა.
"ჩვენ ნამდვილად მივიღებთ SAMP-T-ს, სერიოზულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ძვირადღირებულ რაკეტებს, მაგრამ სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ტექნოლოგიები. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. იტალიის პრემიერ-მინისტრის პირადმა ლიდერობამ შესაძლებელი გახადა ამ სისტემების მიღება, გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს კიდევ ორ მნიშვნელოვან საჰაერო თავდაცვის სისტემას ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.