მემარცხენე პარტიები საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებაზე შეთანხმდნენ
პარტია დაუმორჩილებელი საფრანგეთი (LFI) აცხადებს, რომ ივნისში გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციის შესახებ სოციალისტებთან (PS) შეთანხმება „არსებითად“ მიღწეულია.
არჩევნებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას სოციალისტების ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცება სჭირდება.
ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონის პოლიტიკურმა ძალა გაერთიანებაზე უკვე შეუთანხმდა ფრანგ მწვანეებს (EELV) და კომუნისტებს (PCF).
მემარცხენე ორიენტაციის პარტიებს ძალების გაერთიანებით ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის ფორმირება სურთ.
ცოტა ხნის წინ ჟან-ლუკ მელანშონმა, რომელმაც გასულ თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა მეხუთედზე მეტი აიღო, მემარცხენე ბანაკის პარტიებს მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ახალ კოალიციას სავარაუდოდ სოციალური და ეკოლოგიური სახალხო კავშირი ერქმევა.
მემარცხენე ბანაკის ალიანსი მიზნად მეორე ვადით მოსული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საბაზრო პოლიტიკის ოპონირებას ისახავს.
საპენსიო ასაკის 60 წლამდე ჩამოწევა, მინიმალური ხელფასის გაზრდა, საყოველთაო საჭიროების პროდუქტებზე ფასების კონტროლი - მემარცხენეები ამომრჩევლის გულის მოგებას სოციალური დაპირებებით შეეცდებიან.
კოალიციის პერსპექტივას სოციალისტებში, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში რესპუბლიკელებთან ერთად წამყვანი პარტიის სტატუსი ეკავათ, ერთგვაროვნად არ უყურებენ.
პარტიის ყოფილმა ლიდერმა ჟან-კრისტოფ კამბადელიმ სოციალისტებს შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგ მოუწოდა.
მან დაუმორჩილებლების ევროსკეპტიკური პოზიცია გააკრიტიკა.
მიუხედავად იდეოლოგიური სხვადასხვაობისა, სოციალისტებს მელანშონთან შეკვრა ელექტორალურად სასიცოცხლოდ სჭირდებათ, წერენ ანალიტიკოსები.
გასულ თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტების კანდიდატმა, პარიზის მერმა ან იდალგომ ხმების ორი პროცენტიც კი ვერ მოაგროვა.
Harris-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, მემარცხენეების კოალიციას მაკრონის და რესპუბლიკელების გაერთიანების წინააღმდეგ დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ - გამოკითხვა თითოეულ ბლოკს 33-33 პროცენტს უწინასწარმეტყველებს.
თუმცა უცნობია, როგორ გადაითარგმნება საზოგადოებრივი განწყობები საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში ორ ტურად ტარდება.
ზოგიერთი პროგნოზით, მაკრონი ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის შენარჩუნებას მოახერხებს.