მერკელმა პუტინს უკრაინასთან მობილიზებული რუსული ჯარის გაყვანა მოსთხოვა
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში უკრაინის მახლობლად მდებარე რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვა. გერმანიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მერკელმა პუტინს მოსთხოვა უარი ეთქვა უკრაინის საზღვრების მახლობლად სამხედრო პოტენციალის ზრდაზე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში შეინიშნება.
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, საუბარში კანცლერმა დაპატიმრებული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეზეც ისაუბრა. უკვე კვირაზე მეტია, რაც ნავალნიმ მასთან ექიმების დაშვების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მერკელის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დეესკალაციისთვის აუცილებელია, რუსეთმა უარი თქვას რეგიონში სამხედრო ძალის ზრდაზე.
ამ საუბრის შინაარსის განსხვავებული ვერსია გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა. ოფიციალურ რელიზში არაფერია ნათქვამი მერკელის მიერ პუტინისთვის წაყენებულ მოთხოვნაზე.
"პრეზიდენტმა და კანცლერმა მერკელმა გამოთქვეს შეშფოთება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ესკალაციით. ვლადიმირ პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის პროვოკაციულ ნაბიჯებზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი კიევის მიერ სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების პირნათელ შესრულებაზე",- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში სისტემატურად იძაბება. პრაქტიკულად აღარ მოქმედებს ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. უფრო მეტი დონბასში შექმნილ ვითარებაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.