მინერალების შეთანხმების ბოლო ვერსიაში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებია ნახსენები

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინის შორის იშვიათი მინერალების მოპოვების შესახებ მომზადებული შეთანხმების საბოლოო ვერსიაში პირველად გაჩნდა ჩანაწერი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მხარდაჭერის შესახებ. 

მხარეების მიერ ამ დროისთვის შეთანხმებული ვერსიის ტექსტს უკრაინსკა პრავდა ავრცელებს

ამჟამინდელ ვერსიაში ასევე გაჩნდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეთა კონკრეტული ვალდებულებები ცალკეული დოკუმენტით დადგინდება. 

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებას მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები, რაც აუცილებელია მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად. შეთანხმების მონაწილეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე ერთობლივი ინვესტიციების დაცვის მიზნით",- ნათქვამია დოკუმენტში. 

გარდა ამისა, ცალკე პუნქტად არის გამოტანილი აშშ-ს ვალდებულებები გრძელვადიანი ფინანსური ინვესტიციების მხარდაჭერის შესახებ, რომლის მიზანიც უკრაინის ეკონომიკური განვითარებაა. 

 

უკრაინსკა პრავდას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის სახოლწოდება შემდეგნაირად გამოიყურება: შეთანხმება უკრაინის რეკონსტრუქციის ფონდის წესებისა და პირობების შესახებ." დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  ფონდის ფუნქციონირების ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცალკეული შეთანხმებით დარეგულირდება. 

გამოცემის შეფასებით, შეთანხმების ამგვარი ვერსია არ საჭიროების რადის დამტკიცებას, თუმცა ასეთი აუცილებელი იქნება ფონდის შესახებ ცალკეული შეთანხმებისთვის. 

კონტექსტი 

იმის შესახებ, რომ საბოლოო ვერსიაში გაჩნდებოდა ჩანაწერი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ცოტა ხნით ადრე დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა. 

25 თებერვალს Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკამ და უკრაინამ იშვიათი მინერალების შესახებ კონსენსუსს მიაღწიეს, თუმცა გაზეთის ცნობით, მასში არ იყო ნახსენები უსაფრთხოების გარანტიები. 

საკითხზე საბოლოო შეთანხმების მოახლოების შესახებ ისაუბრა იმავე დღეს დონალდ ტრამპმა, რომელმაც ისიც განაცხადა, რომ უკრაინელი პრეზიდენტი ვაშიგნტონს დოკუმენტის ხელმოსაწერად 28 თებერვალს ეწვეოდა. 

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვიზიტის თარიღი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის და 28 თებერვალი ჯერჯერობით ერთ-ერთი ვერსიაა - ჩვენი ოფისები მუდმივ კავშირზე არიან",- თქვა ზელენსკიმ. 

სავარაუდოა, რომ უკრაინსკაია პრავდას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი არ არის საბოლოო ვერსია და შესაძლებელია მასში კვლავ შევიდეს ცვლილებები. 

ამაზე მიუთითებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს კომენტარიც, რომლის მიხედვითაც დოკუმენტზე მუშაობა ჯერჯერობით გრძელდება და საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს. 

მსგავსი სიახლეები