რა ვიცით უკრაინის იშვიათი მინერალების შესახებ, რომლის მიღებაც ტრამპს სურს

უკრაინას, რომელიც უკვე მეოთხე წელია რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას იგერიებს გააჩნია იშვიათი მინერალების მოცულობითი მარაგი, მინერალების, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებისთვის.
შეთანხმება იშვიათი მინერალების შესახებ გასულ კვირებში დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინული მარაგებით აშკარად დაინტერესებულია, თუმცა მათი ათვისების წესის, შეთანხმების პარამეტრებისა და შემოსავლების განაწილების შესახებ მხარეები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.
პრეისტორია
უკრაინის იშვიათი მინერალების ათვისების იდეა ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის - ამგვარად უკრაინელი პრეზიდენტი შეეცადა უკრაინის მხარდაჭერით დაეინტერესებინა დონალდ ტრამპი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს მწვავედ აკრიტიკებდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ დახმარებას.
უკრაინული მინერალების ათვისება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს სექტემბერში, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის დროს შესთავაზა, თუმცა როგორც ჩანს მხარეთა ხედვები განსხვავებულია.
უკრაინა შეთანხმებას უყურებს როგორც აშშ-ს მხრიდან მხარდაჭერის გაგრძელებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების შანსს, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია შეთანხმებას უკრაინისთვის უკვე გადაცემული თანხების დაბრუნების საშუალებად მიიჩნევს.
სწორედ იშვიათი მინარალების ათვისების შესახებ ხელმოწერაზე უარის შემდეგ დაიძაბა აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები. კიევში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მას მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოეწერა ხელი ტრამპის მიერ წარდგენილი შეთანხმებისთვის, რაზეც უკრაინელმა პრეზიდენტმა უარი თქვა.
ზელენსკის პოზიცია უცვლელი დარჩა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის დროს. უკრაინელი პრეზიდენტის პრინციპულმა პოზიციას ტრამპმა პერსონალური თავდასხმებით უპასუხა.
18 თებერვალს დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად გაიმეორა რუსული პროპაგანდის გზავნილები და ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა. ამავე პოსტში ტრამპმა უკრაინაში ახალი არჩევნების აუცილებლობაზეც მიანიშნა.
ტრამპის საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს.
ამას ტრამპის კიდევ უფრო მწვავე და უსაფუძვლო კრიტიკა მოჰყვა - საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ზელენსკის უწოდა "დიქტატორი არჩევნების გარეშე." ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე წერდა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი 4%-ს შეადგენს - კიევის სოციოლოგიური ინსტიტუტის ბოლო კვლევით ზელენსკის მხარს უჭერს მოსახლეობის 52%.
21 თებერვალს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მხარეები შეთანხმების განახლებულ ვერსიას განიხივალდნენ, რომელშიც უკრაინისთვის ყველაზე პრობლემური საკითხების ნაწილი მოგვარდა.
შეთანხმების შესახებ ოპტიმიზმს ავლენდა ვოლოდიმირ ზელენსკიც - კიევში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო ეფექტური და ძლიერი შეთანხმებისთვის და რომ სამუშაო გრძელდებოდა.
24 თებერვალს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმების საბოლოო დეტალებს განიხილავენ და იმედი გამოთქვა, რომ მას ხელს პრეზიდენტები მოაწერენ. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩანიშნული შეხვედრის შესახებ განაცხადა დონალდ ტრამპმაც - ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ.
რა არის იშვიათი მინერალები?
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის განმარტებით, იშვიათი მინერალები არის ძირითადად იმ ქიმიური ელემენტების რიგი, რომლებიც კრიტიკულია თანამედროვე ტექნოლოგიური წარმოებისთვის, განსაკუთრებით მიკროელექტრონიკისა და ბატარეებისთვის.
მსგავსი ნივთიერებების მარაგი თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გააჩნიათ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.
აშშ-ს თავდაცვის უწყებამ უკვე დახარჯა ასობით მილიონი დოლარი იშვიათი მინერალების მომარაგების უსაფრთხო ჯაჭვების შესაქმნელად, თუმცა ჯერჯერობით არც თუ ისე წარმატებულად.
ვაშინგტონისთვის ვითარებას ართულებს ისიც, რომ ამგვარი მინერალების ძირითადად ჩინეთში იწარმოება, რომელიც ბოლო წლებში სულ უფრო მეტად ზღუდავს იშვიათი ლითონების ექსპორტს.
რომელი იშვიათი მინერალები გააჩნია უკრაინას?
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი იშვიათი მინერალების მსოფლიო მარაგის 5% გააჩნია.
უკრაინის ეროევნული გეოლოგიური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ქვეყანას გააჩნია ტანტალიუმის, ბერილიუმისა და ნიობიუმის თითქმის აუთვისებელი მარაგები
ამ ნივთიერებების აქვთ აპლიკაცია თითქმის ყველა თანამედროვე ტექნოლოგიურ წარმოებაში მიკროელექტრონიკიდან სამხედრო ინდუსტრიამდე.
უკრაინის მთავრობის შეფასებით ჯამურად ამგვარი იშვიათი მეტალების მარაგების მოცულობა 2.6 მილიონ ტონას შეადგენს - ზოგი ექსპერტის შეფასებით ამ აქტივების ღირებულება შესაძლოა 11 ტრილიონ დოლარს აღემატებოდეს.
გარდა ამისა, უკრაინას აქვს ისეთი კრიტიკული ელემენტების მოცულობითი მარაგები როგორებიცაა ტიტანი და ლითიუმი.
რა ეტაპზეა შეთანხმება?
გამოცემა Axios-ის ცნობით, რომელმაც შეთანხმების განახლებული ვერსია მოიპოვა წერს, რომ დოკუმენტში ამერიკა გამოთქვამს სურვილს უკრაინა იყოს "თავისუფალი, უსაფრთხო და სუვერენული."
ამასთანავე შეთანხმებაში არ არის დაკონკრეტებული სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი.
შეთანხმების დრაფტი ითვალისწინებს უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელსაც უკრაინა და აშშ ერთობლივად მართავენ.
"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა იღებს გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებას, რათა უზრუნველყოს უკრაინის სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება"- ნათქვამია შეთანხმების დრაფტში.
დოკუმენტის მიხედვით, ფონდი დაკავებდა ინვესტირებითა და ინვესტიციების მოზიდვით უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
ამასთანავე შეთანხმების ამჟამინდელი ვერსია გულისხმობს, რომ უკვე გაწეული დახმარების სანაცვლოდ აშშ-ს ექნება უფლება კომპენსაციის სახით მიიღოს გარკვეული თანხები.
Axios-ის მიერ მოპოვებული შეთანხმების დრაფტში ნათქვამია, რომ აშშ-ს აქვს სურვილი უკრაინა იყოს თავისუფალი, თუმცა დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული სამხედრო დახმარების კომპონენტი.
ამჟამინდელი ვერსია კვლავ არის ნახსენები 500 მილიარდი დოლარი, რომლის დაბრუნებასაც ტრამპი ითხოვდა, ასევე აღნიშნულია, რომ ფონდში უკრაინის შენატანები აშშ-ს მაჩვენებლებს ორჯერ უნდა აღემატებოდეს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს თანხა უკრაინამ ამერიკას უნდა გადაუხადოს.
ბოლო ვერსიის მიხედვით, უკრაინამ ფონდს უნდა გადასცეს იშვიათი მინერალებისა, გაზის და ნავთობის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლის (საოპერაციო ხარჯების გამოკლებით) 50%.
შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ მისი იურისდიქცია გავრცელდება ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ამ მიწების გათავისუფლების შემთხვევაში.
წყაროების ცნობით, შეთანხმებაზე მუშაობა ფინალურ ეტაპზეა და მას შესაძლოა ხელი უკვე 3 მარტს მოაწერონ.