მიშელი: ევროკავშირი მოლდოვას სამხედრო დახმარებას მნიშვნელოვნად გაუზრდის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელი მოლდოვას ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების გაზრდას შეჰპირდა „უკრაინაში რუსეთის ომის შედეგებთან გასამკლავებლად“.
ამის შესახებ მიშელმა კიშინოვში, პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მიშელის თქმით, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანას ლოჯისტიკის და კიბერ-თავდაცვის სფეროში დაეხმარება.
„ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, მოლდოვა. თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მოვალეობაა“, - განაცხადა ევროკავშირის ლიდერმა.
ცოტა ხნის წინ მოლდოვამ, უკრაინის და საქართველოს მსგავსად, ბრიუსელს ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი ჩააბარა.
მოლდოვაში ვითარება გასულ კვირაში დაიძაბა მას შემდეგ, რაც დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა ძალებმა აფეთქებების შესახებ განაცხადეს.
მოსკოვმა აფეთქებების სერიას „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
კიშინიოვში შიშობენ, რომ უკრაინაში ომის ესკალაციის ფონზე რუსეთმა სეპარატისტული კონფლიქტის გამოყენება შეიძლება სცადოს.
სხვადასხვა დათვლით, რეგიონში 1500-კაციანი კონტინგენტი დგას, რომელსაც რუსი სამხედროები მეთაურობენ.
მიშელთან შეხვედრისას სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა მოვლენების განვითარების „პესიმისტურ სცენარებს“ ხედავს, თუმცა „მყისიერ საფრთხეს“ არ გრძნობს.
სეპარატისტული ოლქი მოლდოვას 1992 წელს ხანმოკლე შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გამოეყო.
ცოტა ხნის წინ რუსეთის არმიის გენერალმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ კრემლი უკრაინის სამხრეთის ოკუპაციის პარალელურად დნესტრისპირეთამდე „სახმელეთო ხიდის“ გადებას განიხილავს.
მინეკაევის მტკიცებით, მოლდოვაში „რუსულენოვანების უფლებები ირღვევა“ - რაც მანამდე კრემლისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი საბაბი იყო.