მიშელი: ევროკავშირს სურს უკრაინის დასახმარებლად ჭურვების წარმოება დააჩქაროს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს დააჩქაროს საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინის დასახმარებლად.
"ჩვენ გადავწყვიტეთ შემოვიტანოთ ის, რასაც ვუწოდებთ ევროპის მშვიდობის ფონდს, რათა წავახალისოთ უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერა, ჩვენს წევრ ქვეყნებთან კოორდინირებულად. არსებობს საერთო პოლიტიკური ნება, რომ გავაუმჯობესოთ ინსტრუმენტი, გავაუმჯობესოთ მექანიზმი, რათა უზრუნველვყოთ ევროკავშირისა და ორმხრივი დახმარების მეშვეობით მეტი რაკეტა, მეტი საბრძოლო მასალა." - თქვა მიშელმა.
მან აღნიშნა, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე ევროკავშირის თავდაცვით შესაძლებლობებში დამატებით ინვესტირება იგეგმება.
ამ კვირის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ასევე გეგმავენ განიხილონ უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს გამოყოფას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი სამხედრო საჭიროებების დასაფინანსებლად.
კონტექსტი
უკრაინის მთავრობის ცნობით, რუსეთი დღეში 25-30 ათას საარტილერიო ჭურვს ისვრის, რაც უკრაინულ არტილერიაზე სამჯერ მეტია.
2023 წლის მარტში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში უკრაინას მილიონ 155 მმ-იან ჭურვს მიაწოდებდა. მოგვიანებით, ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპულ ინდუსტრიას არ გააჩნდა საწარმოო სიმძლავრე ამ მიზნის მისაღწევად.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ბლოკმა 300 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი და რაკეტა მიაწოდა უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარაგებიდან.
ამასთანავე, მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე შეუკვეთა 180 000 ჭურვი.