მიშელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში პროგრესია
აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ბრიუსელში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სომხური სააგენტო News.am-ის ცნობით, მიშელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გამოთქვა მზადყოფნა აგდამის გავლით ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ყარაბაღს.
"ჩვენ გავდივართ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთ ყველაზე ყოვლისმომცველ ეტაპს," - ციტირებს News.am ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხვედრა ადგილზე მზარდი დაძაბულობის ფონზე შედგა, მე აღვნიშნე მნიშვნელოვანი იმპულსი პოლიტიკურ დისკუსიებსა და ძალისხმევაში. ჩვენ განვიხილეთ დღის წესრიგის ყველა საკითხი: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს." - აღნიშნა მიშელმა
"მხარეებმა ასევე პროგრესს მიაღწიეს ბოლო ორი თვის განმავლობაში მიღებულ გადაწყვეტილებებში, რომლებიც მიმართულია ტრანსპორტის განბლოკვისკენ," - თქვა მან.
შარლ მიშელმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ზაფხულის შემდეგ, მომავალ შეხვედრაზე ბელგიის დედაქალაქში მიიწვია.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა "მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესებასთან დაკავშირებული საკითხები, ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებები, მთიანი ყარაბაღის ხალხის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე ტყვეების, უგზო-უკვლოდ დაკარგულების და სხვა ჰუმანიტარული საკითხები განიხილეს."
მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.