მომარაგების მთავარი ხაზი - რას ცვლის ЗСУ-ს მიერ ანდრიივკას გათავისუფლება
დილის კრებსში უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა ბახმუტის შემოგარენში დასახლება ანდრიივკის გათავისუფლება.
რამდენიმე საათით ადრე ანდრიივკის სრული კონტროლის შესახებ განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა, რასაც მალევე ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი 3-ე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის მხრიდან უარყოფა მოყვა. ბრიგადის განცხადების შემდეგ, მალიარმა პოსტი შეასწორა და განაცხადა, რომ ბრძოლები ანდრიივკის შემოგარენში კვლავ გრძელდებოდა.
მაღალი ალბათობით სამხედროებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის მისკომუნიკაცია მოხდა. ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიის წინსვლაზე და მათ შორის კლიშიივკისა და ანდრიივკის დატოვებაზე გასულ დღეებში ბევრს წერდნენ Z-ბლოგერებიც.
ანდრიივკის გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მაისის შუა რიცხვებში დაწყებული ხანგრძლივი და რთული კამპანიის პირველი ხელშესახები შედეგია.
ნახევარალყაში - რას ცვლის ანდრიივკის გათავისუფლება
ჯერ კიდევ 20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბახმუტის სრულად დაკავების შესახებ გავრცელებულ განცხადებას, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, ალექსანდრ სირსკი გამოეხმაურა - სირსკიმ თქვა, რომ რუსები ამ მონაკვეთზე ხაფანგში აღმოჩნდებოდნენ.
საქმე ის არის, რომ მაისის შუა რიცხვებში უკრაინის არმიამ დაიწყო კამპანია ბახმუტის ფლანგების მიმართულებით, მკაფიო მიზნით მოექციათ ოკუპანტების გარნიზონი ოპერატიულ ალყაში.
ამ არეალში უმთავრესი მონაკვეთი კლიშიივკა-ანდრიივკა-კურდუმიოვკის ხაზზე გადის. სამივე დასახლება ბახმუტისა და ოკუპირებული ჰორლოვკის დამაკავშირებელი ავტო (T0513) და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს.
ეს ფრონტის ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიისთვის პრინციპული მნიშვნელობის სატრანსპორტო არტერიაა, რომლის გადაჭრაც ბახმუტსა და სოლედარში განლაგებულ დანაყოფებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.
უკრაინული ანალიტიკური პორტალის Deep State-ის ცნობით, აღნიშნული გზა ძირითადად ბახმუტის სამხრეთში განლაგებული დანაყოფების მოსამარაგებლად გამოიყენებოდა, თუმცა მარშრუტს რამდენიმე პრობლემური სექცია ჰქონდა, რომელიც უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში აღმოჩნდა.
"ლოჯისტიკის კომპლექსურობა და სუსტი მონაკვეთები გახდა ჩვენი წარმატების მიზეზი ქალაქის სამხრეთში",- ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში.
შექმნილ ვითარებაში ოკუპანტებს ბახმუტის გარნიზონის მოსამარაგებლად კვლავ რჩებათ ჩრდილოეთზე გამავალი არტერია, რომელიც ბახმუტს პოპასნაიასთან აკავშირებს.
იმავე Deep State-ის ანალიზის მიხედვით, დანგრეული გზების მიუხედავად ამ მონაკვეთზე რუსებს რამდენიმე გზით შეუძლიათ სარგებლობა. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ გზა უკრაინული არტილერიის წვდომის არეალშია, თუმცა გზების სიმრავლისა და ოკუპანტების ცოცხალი ძალის სიჭარბის გამო, სავარაუდოა, რომ მარშრუტზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას კიდევ რაღაც დრო დასჭირდება.
თუ ანდრიივკისა და კლიშიივკის გათავისუფლების შემდეგ უკრაინული დანაყოფები გააგრძელენებ მოძრაობას აღმოსავლეთით და შეძლებენ მომარაგების ხაზზე საცეცხლე კონტროლის დამყარებას, რუსეთის არმია იძულებული იქნება დატოვოს ბახმუტი.
საყურადღებოა, რომ სწორედ ანდრიივკის გასწვრივ, ივლისის დასაწყისში შეძლო უკრაინის არმიამ რუსეთის თავდაცვის ხაზის გარღვევა. უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს სივერსკი დონეცი-დონბასის არხის ფორსირება, მათ აღმოსავლეთ ნაპირზე შექმნეს პლაცდარმი.
სწორედ ამ პლაცდარმის გამოყენებით, უკრაინას არმიამ ამ მონაკვეთზე რუსეთის არმიის შევიწროება დაიწყო - ოკუპანტები პერიოდულად კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა წარუმატებლად.