მომდევნო კვირის დასაწყისში ზელენსკი სომხეთს ეწვევა და შესაძლოა აზერბაიჯანშიც ჩავიდეს
სომხეთში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია 26 თებერვალს, "რადიო თავისუფლებას" დიპლომატიურმა წყარომ დაადასტურა.
წყარო ირწმუნება, რომ ზელენსკის ვიზიტი სომხეთში, სავარაუდოდ, მომავალ ორშაბათს, 4 მარტს შედგება და ამ შემთხვევაში "ზელენსკი აზერბაიჯანშიც ჩავა."
დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ზელენსკის პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ სრულმასშტაბიანი ინტევენციის დაწყების შემდეგ, არამედ 2019 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგაც.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკი მანამდე საერთაშორისო პლატფორმებზე აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს შეხვდა. მაგალითად, 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ფაშინიანი და ზელენსკი პირველად შეხვდნენ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში.
ოფიციალურად სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა მმართველი პარტიის, "სამოქალაქო კონტრაქტის" დეპუტატებმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში მიანიშნეს, რომ ეს სიმართლეა.
"ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ რეაგირებს ან არ რეაგირებს რუსეთი (ზელენსკის ვიზიტზე. - რედ.)," - განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა.
ზელენსკის სავარაუდო ვიზიტი სომხეთში ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე შედგება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ გაიმეორა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის ფედერაციის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ერევანი "ყინავს" ОДКБ-ს, რომელსაც მოსკოვი ლიდერობს.
2024 წლის 17 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ალიევმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მუდმივ კონტაქტშია უკრაინულ მხარესთან ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად და აზერბაიჯანი აფასებს მის პარტნიორობას უკრაინასთან. აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ესმის სიტუაცია ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.
შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა აზერბაიჯანის დახმარება უკრაინის ენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. მან ასევე მადლობა გადაუხადა ალიევს კიევის რეგიონის ქალაქ ირპინის აღდგენის პროექტების განხორციელებისთვის.