მორავიეცკი: სტალინზე პუტინის ტყუილის გამო, პოლონეთი რუსეთის ელჩს დაიბარებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ სტალინის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებების გამო, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს დაიბარებენ.
პუტინის სიტყვებზე კომენტირებისას, რომ თითქოს სტალინმა პოლონეთს მიწები "აჩუქა," პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იყო "ომის დამნაშავე, ასობით ათასი პოლონელის სიკვდილზე პასუხისმგებელი."
"ისტორიული სიმართლე ეჭვგარეშეა. რუსეთის ფედერაციის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ," - აღნიშნა მორავიეცკიმ.
პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პოლონეთის დასავლეთი მიწები "სტალინის საჩუქარია" და პოლონეთი "დამოუკიდებლობის აღდგენისთვის" საბჭოთა კავშირის მადლიერი უნდა იყოს.
პოლონეთის მთავრობის კომისარმა ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ ჟარინიმ პუტინის განცხადებას "კრემლის პათეტიკური მოსაწყენობა" უწოდა, რომელიც უკრაინის ომის შესახებ ტყუილს ავრცელებს.