ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - IRI-ს მისიის წევრი
27 ოქტომბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველად შეფასებას ავრცელებენ.
დელეგაციის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტა სიდერფელდის თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან უწყვეტი შევიწროებისა რისკის წინაშე დგანან:
"უნდა აღინიშნოს "უცხოური გავლენის შესახებ კანონი", ასევე გამოხატვისა და შეკრება-გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან. ამის შედეგი კი არის პრობლემები პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამან გამოიწვია ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროტესტი წინასაარჩევნო პერიოდში".
დელეგაციის წევრის თქმით, შეინიშნებოდა საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტები და ქართული ოცნება აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს:
"კენჭისყრის დღესთან მიახლოებულ პერიოდში ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და ასევე შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა, ამისთვის კი გამოიყენა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ნათელი იყო მუდმივი დაშინება და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე. გარდა ამისა, ქართული ოცნება აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს". - ამბობს სიდერფელდი.
ამასთან ერთად, მისიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარითაც აშინებდნენ:
"ასევე იყო დაშინება, რომ თუკი ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, მათ შეუწყვეტდნენ სოციალურ დახმარებას. ჩვენთან საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვდნენ მმართველი პარტიისგან მხარდაჭერას და ასევე ეს გამიზნული იყო იმისათვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები". - ამბობს ის.
სიდერფელდმა ასევე ჩამოთვალა მიზეზები იმისა, თუ რატომ არის რთული საარჩევნო კომისიების ნდობა:
"გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ცესკოს კომისიის შემადგენლობის საკითხი და უნდა აღინიშნოს ოპოზიციის მიერ ნომინირებული თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის გაუქმება. ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. სწორედ ამ მიზეზების გამო საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მიმართ საკმაოდ დაბალია". - ამბობს სადამკვირვებლო მისიის წევრი.