ნატო კოსოვოში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას განიხილავს
20 ნოემბერს, პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი კოსოვოში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
"ჩვენ ახლა განვიხილავთ, გვჭირდება თუ არა მუდმივად ჯარების ყოფნის გაზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ სიტუაცია არ გავიდეს კონტროლიდან და არ გამოიწვიოს მორიგი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან მთელ რეგიონში," - თქვა სტოლტენბერგმა.
კოსოვოში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ნატოს საერთაშორისო ძალები (KFOR) 1999 წლიდან მოქმედებს და 27 ქვეყნიდან 4500-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში რეგიონში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ, ნატომ კოსოვოში დამატებით 200 ჯარისკაცი გაგზავნა.
კონტექსტი
კოსოვოს 1.8 მილიონიანი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია. ქვეყანაში ასევე 120 000 სერბი ცხოვრობს, ძირითადად ჩრდილოეთში. 2008 წელს კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. მას 100-ზე მეტი სახელმწიფო აღიარებს.
კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები დაახლოებით 50 ათასი სერბი არ ცნობს პრიშტინის ინსტიტუტებს.
ამის გამო, რეგიონში რეგულარულად იწყება კონფლიქტები. სექტემბერში კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიციასა და 30 შეიარაღებულ სერბს შორის შეტაკება მოხდა, რომლებიც კოსოვოს სოფელ ბანისკაში შეიჭრნენ და მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ. დაპირისპირებისას სამი თავდამსხმელი და ერთი პოლიციელი დაიღუპა.
მხარეებს შორის კონფლიქტი 2022 წელს გამწვავდა, როდესაც პრიშტინამ სერბეთის მოქალაქეებისთვის დროებითი დოკუმენტების შემოღება გადაწყვიტა და სერბულ უმცირესობას ძველი სერბული სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვალა მოსთხოვა. კოსოვოელმა სერბებმა პროტესტის ნიშნად ბარიკადები აღმართეს, რის შემდეგაც კოსოვოს ხელისუფლებამ ახალი წესების შემოღება გადადო.