NATO-ს სამიტი და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უკრაინისთვის

აშშ-ში ნატოს სამიტი დაიწყო, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარ თემას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი წარმოადგენს. სამიტის ფარგლებში აღნიშნავენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შექმნის 75 წლისთავს.

სამიტი გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა მასპინძელი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, პუტინს უკრაინის სრული დამორჩილება სურს - „პუტინს სურს არაფერი იმაზე ნაკლები, არაფერი იმაზე ნაკლები, ვიდრე უკრაინის სრული დამორჩილება... და უკრაინის რუკიდან წაშლა“ - განაცხადა ბაიდენმა.

„აშშ, გერმანია, ნიდერლანდები, რუმინეთი და იტალია, უკრაინას გადასცემენ დამატებით ხუთ სტრატეგიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, ხოლო უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები უკრაინას ათეულობით ტაქტიკური დონის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის“ - განაცხადა ბაიდენმა.

„უკრაინას ძალუძს და შეაჩერებს პუტინს, განსაკუთრებით ჩვენი სრული, კოლექტიური მხარდაჭერით“ - მიმართა სამიტის წევრებს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის მიმართვას მალევე, წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ერთობლივი განცხადება მოჰყვა, რის მიხედვითაც, აშშ, რუმინეთი და გერმანია Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დამატებით ბატარეებს გადასცემენ უკრაინას. იტალია - SAMP-T-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ხოლო, „ნიდერლანდები და სხვა პარტნიორები“ კომპონენტებს Patriot-ის სისტემებისთვის, რომელიც განკუთვნილი იქნება დამატებითი ბატარეის სამუშაოდ. 

„ამას გარდა, უახლოეს თვეებში, აშშ და პარტნიორი ქვეყნები უკრაინას გადასცემენ ათობით ტაქტიკური დონის [იგულისხმება ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი] ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, NASAMS, HAWK, IRIS T-SLM, IRIS T-SLS და Gepard-ებს. ეს სისტემები კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო სივრცის თავდაცვას“ - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

"ეს ხუთი სტრატეგიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა უკრაინას დაეხმარება ქალაქების, მოქალაქეებისა და ჯარისკაცების დაცვაში და ჩვენ გვაქვს ახლო კოორდინაცია უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები ჩქარა ამუშავდეს." – წერია განცხადებაში.

ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, უკრაინისთვის სხვადასხვა სახის სამხედრო საშუალების მიწოდებაში მონაწილეობას მიიღებს კანადა, ნორვეგია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი. 

კონტექსტი

9 ივლისს ვაშინგტონში გაიხსნა ნატოს სამდღიანი სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური კავშირის დაფუძნებიდან 75-ე წლისთავს ეძღვნება. სამიტის მთავარი თემაა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რუსეთის მხრიდან მომატებული საჰაერო თავდასხმების ფონზე, მათ შორის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დასავლეთში სულ უფრო აქტიურად დაიწყეს საუბარი უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის საჭირო სისტემების გადაცემაზე.

8 ივლისს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა უკრაინის უმსხვილეს ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა განახორციელეს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო.

საოკუპაციო არმიამ დარტყმები მიიტანა დნიპროს, კრამატორსკის, პოკროვსკისა და კრივოი-როგის სამოქალაქო და სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე. 

8 ივლისის საჰაერო თავდასხმების დროს, მხოლოდ კიევში, მოკლულია 33 ადამიანი და დაჭრილია 100-ზე მეტი. სამაშველო სამუშაოები დარტყმის ადგილას თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები