ნატო: შვედეთი მზადაა, თურქეთის მოთხოვნები გაითვალისწინოს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი ალიანსში გაწევრიანების პროცესში თურქეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების განსახილველად მზად არის.
გასულ თვეში სკანდინავიის ორმა ქვეყანამ - შვედეთმა და ფინეთმა - სამხედრო ბლოკში გაერთიანების სურვილის შესახებ განაცხადეს.
ანკარა გაწევრების მსურველ ქვეყნებს ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერაში სდებს ბრალს, რომელსაც თურქეთი და დასავლეთის ქვეყნები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
თურქეთი შვედეთის მიერ 2019 წელს ერდოღანის სირიაში ინტერვენციის გამო გამოცხადებულ იარაღის ემბარგოსაც აპროტესტებს.
ალიანსის გაფართოებას ოცდაათივე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
თურქეთი აცხადებს, რომ წაყენებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის წევრობას დაბლოკავს.
შვედეთში თურქულ ულტიმატუმს არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
შვედეთის პრემიერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ანკარას პოზიციას „ძალიან სერიოზულად“ განიხილავენ.
სტოლტენბერგის განცხადებით, უახლოეს მომავალში შვედეთი ანტიტერორისტული კანონმდებლობის რეფორმას და იარაღის ექსპორტის პოლიტიკის გადახედვას აპირებს, რაც საკითხის გადაჭრას „შესაძლებელს გახდის“.
ნატოს სამიტი მადრიდში 28 ივნისს გაიმართება.
ჯერჯერობით ბუნდოვანია, შეძლებენ თუ არა სკანდინავიელები დარჩენილ დროში ანკარასთან მოლაპარაკებას.
„მადრიდის სამიტი წინასწარ დათქმული ბოლო ვადა არ არის“, - განაცხადა ალიანსის ლიდერმა.
ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ორ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.
კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.