ნატოს გენერალურმა მდივანმა გერმანიას მოუწოდა თავდაცვის ხარჯები გაზარდოს
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანიას მოუწოდა მნიშვნელოვნად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები და იარაღის წარმოება.
"გერმანიამ მეტი უნდა დახარჯოს და მეტი აწარმოოს," - თქვა რუტემ Bild-თან ინტერვიუში, რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა. "აშკარაა, რომ უახლოეს თვეებში ეს საკითხი ევროპის ბევრ ქვეყანაში განხილვის საგანი გახდება."
მან თავისი მოწოდება, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის საფრთხით ახსნა.
"მე გარკვევით გეუბნებით: ჩვენ უნდა მოვემზადოთ ომისთვის, ეს (თავდაცვის ხარჯების გაზრდა - რედ.) ომის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა," - განმარტა რუტემ. "სახიფათოა არა მხოლოდ რუსეთთან არსებული სიტუაცია, ჩინეთი ასევე ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს."
ალიანსის გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გერმანიის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებას. მან აღნიშნა, რომ "არც ერთი ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფო არ უჭერს მხარს კიევს ისე, როგორც ამას ბერლინი აკეთებს."
"გერმანიის ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით, ჩვენ აშკარად გვინდა, რომ მან ბევრად მეტი გააკეთოს," - თქვა რუტემ და აღნიშნა გერმანიის "ფანტასტიკური სამხედრო საწარმოები და ინოვაციური პოტენციალი."
"ალიანსის მოკავშირეები უახლოეს თვეებში გადაწყვეტენ ზუსტად რა თანხის ინვესტიცირება განახორციელონ თავდაცვაში. ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ: ეს იქნება 2%-ზე ბევრად, ბევრად, ბევრად მეტი," - განმარტა მან.
ნატოს შემდეგი სამიტი ივნისში ჰააგაში გაიმართება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მხარი დაუჭირეს თავდაცვის ხარჯების ზრდის მოწოდებას.
გერმანიამ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს უკვე ხარჯავს, მაგრამ ევროკავშირის შვიდი სახელმწიფო ჩამორჩება ამ ნიშნულს.