ნატოს გენერალური მდივანი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდება

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 19 ივლისს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდება.

ამის შესახებ ნატოს პრესსამსახურმა სამშაბათს განაცხადა.

სტოლტენბერგისა და ვუჩიჩის შეხვედრა ბრიუსელში შედგება, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს თბილისის დროით დაახლოებით 19:00 საათზე გააკეთებენ.

ალიანსის გენერალური მდივნისა და ნატოს არაწევრი სერბეთის პრეზიდენტის შეხვედრის თემები არ არის დაკონკრეტებული. ასეთი შეხვედრა ვუჩიჩმა ივლისის დასაწყისში, ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის ფონზე მოითხოვა.

აპრილში მერების ახალი არჩევნების შემდეგ, რომელსაც კოსოვოელმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, ჩრდილოეთ კოსოვოს სერბულ თემებში საპროტესტო აქციები დაიწყო. სოფელ ზვეჩანში მომიტინგეები ნატოს სამშვიდობოებს ცეცხლსასროლი იარაღით და ქვებით დაესხნენ თავს. დაშავდა 30 იტალიელი და უნგრელი ჯარისკაცი, ასევე 50-ზე მეტი სერბი.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის მოუწოდეს, არჩეული მერები გაიწვიოს და პოლიციის სპეცრაზმი დაშალოს, რომელიც ძალადობისთვის გამოიყენეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კოსოვოს სანქციების დაწესებით დაემუქრნენ.

მსგავსი სიახლეები