ნავალნაია: მინდა პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ პასუხს აგებენ
ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ქმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ხმებს მიუნსენის უსაფრთხოების კონფერენციიდან გამოეხმაურა.
"ინფორმაცია რაც გვაქვს მხოლოდ მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან არის ცნობილი, რომელთა დაჯერებაც ძალიან რთულია. მაგრამ, თუ კი ეს მართალია მინდა პუტინმა და მთელმა მისმა გარემოცვამ იცოდეს, რომ ისინი აგებენ პასუხს იმის გამო რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან სწრაფად დადგება. მინდა მოვუწოდო მსოფლიო თანამეგობრობას გაერთიანებისკენ, რათა ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება."
კონტექსტი
მოსკოვის დროით 1 საათზე რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
უწყების ცნობით, ნავალნი კოლონიაში ყოველდღიური გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მათივე ცნობით, ნავალნის ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პროპაგანდისტული RT-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინს უკვე აცნობეს მომხდარის შესახებ, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელა მარიამ ზახაროვამ და დუმის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ნავალნის გარდაცვალებაში "კოლექტიური დასავლეთი დაადანაშაულეს.
ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურნენ დასავლეთის ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
თეთრი სახლიდან მომხდარს ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი გამოეხმაურა.