-

გასულ კვირას, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპმა პირველად დაუწესა სანქციები რუსეთს.  საუბარია ქვეყნის 2 უმსხვილეს სანავთობო კომპანიაზე, რომლებიც აშშ-ს ხაზინის მდივნის თქმით, კრემლის "ომის მანქანას" აფინანსებენ. 

როსნეფტისა და ლუკოილისთვის სანქციების დაწესებით ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მოსკოვს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკეკების დაწყება აიძულოს. რეალური ეკონომიკური ეფექტის მიღმა, ეს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი მომენტია - ტრამპმა თავის მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პირველად გამოიყენა რუსეთზე პირდაპირი ზეწოლის ინსტრუმენტი და მუქარებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადავიდა. 

განმარტებითი ბარათის დღევანდელ გამოშვებაში გავარჩევთ თუ როგორ იმუშავებს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სანქციები, როგორია მათი მნიშვნელობა და იქნება თუ არა ეს საკმარისი აიძულოს ვლადიმირ პუტინი დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი. 

_________________________________________________________________

წინაისტორია

რუსეთ-უკრაინის ომის დარეგულირება გასული თვეების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პრიორიტეტად რჩებოდა. რუსეთსა და აშშ-ს შორის განახლებული პირდაპირი დიპლომატიური და პერსონალური კონტაქტების მიუხედავად, ტრამპმა ვერ შეძლო რუსეთის დათანხმება არათუ ომის დასრულებაზე, არამედ დროებით ზავზე.

საკმარისი არ აღმოჩნდა პუტინთან 8 სატელეფონო საუბარი და ალასკაში გამართული შეხვედრა.

ინაუგურაციიდან მალევე, მიმდინარე წლის მარტში ამერიკელი პრეზიდენტი დაუყოვნებლივი ზავის ინიციატივით გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირეს უკრაინამ და ევროპელმა პარტნიორებმა. იმავე წინადადებაზე, კრემლის დელეგაციამ უარი თქვა საუდის არაბეთში, ბოლო თითქმის 4 წლის განმავლობაში აშშ-სთან გამართულ პირველ ორმხრივ შეხვედრაზე. 

დაუყოვნებლივი ზავის ნაცვლად კრემლი უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირა თეთრმა სახლმაც. ამას მოჰყვა მოლაპარაკებების რამდენიმე უშედეგო რაუნდი სტამბოლში. შემდეგ იყო სამშვიდობო მემორანდუმების წარდგენა, რომელიც პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შედეგი იყო და რომელშიც კრემლმა პრაქტიკულად გაიმეორა 2022 წლის 24 თებერვლის მოთხოვნები, უკრაინის დემილიტარიზაციის ჩათვლით. 

პუტინის მხრიდან მოლაპარაკებების გაჭიანურებას ტრამპის "იმედგაცრუებისა" და სანქციებით მუქარის პირველი ტალღა მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ პროცესი ალასკაში პუტინთან გამართული სამიტით დასრულდა.

დასავლური მედიების ცნობით, ალასკის შეხვედრა სტიფ უიტკოფის მიერ პუტინის პოზიციის არასწორი ინტერპრატაციით გამოწვეული "შეცდომა" იყო. სამიტის არასათანადო მომზადებაზე მიუთითებს ისიც, რომ შეხვედრა პრაქტიკულად უშედეგო აღმოჩნდა. დასავლური მედიების ცნობით, ომის დასრულების სანაცვლოდ პუტინი უკრაინის ნაწილობრივი ოკუპირებული 4 ოლქიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვდა. 

თუმცა იყო ერთი გამონაკლისიც, ანკორიჯში გამართული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა უარი თქვა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე და ამის ნაცვლად კრემლის პოზიციებთან უფრო დაახლოებულ იდეას - დიდ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაუჭირა მხარი, ზავის წინაპირობის გარეშე. 

ალასკაში წარუმატებლობის შემდეგ თეთრ სახლში ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად მუშაობდა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე. წინა ინიციატივების მსგავსად, ეს წამოწყებაც უშედეგო გამოგდა - პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკის მხოლოდ მოსკოვში შეხვდებოდა. 

უკვე სექტემბრის მიწურულს პუტინით მორიგ ჯერზე იმედგაცრუებული ამერიკელი პრეზიდენტის რიტორიკა შესამჩნევად შეიცვალა - ტრამპმა, რომელის ჯერ კიდევ თებერვალში პრეზიდენტ ზელენსკის "კარტების არქონაზე" მიუთითებდა, ომში უკრაინის გამარჯვების შანსებზე ალაპარაკდა. ამას თან ახლდა საუბრები ტომაჰავკის ტიპის შორეული რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ, მეტიც ტრამპი ამბობდა, რომ გადაწყვეტილება გარკვეული აზრით, უკვე მიღებული ჰქონდა

დასავლური მედიების ცნობით, ტრამპის გუნდში გადაწყვიტეს, რომ ჰამასსა და ისრაელს შორის ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება და თანმდევი დიპლომატიური ტრიუმფი კარგი დრო იქნებოდა რუსეთ-უკრაინის ომის საბოლოო დარეგულირებისთვის. ამ ფონზე ტრამპსა და პუტინს შორის რიგით მერვე სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის მთავარი შედეგი მომდევნო კვირების განმავლობაში ბუდაპეშტში სამიტის შეთანხმება იყო. 

პუტინთან სატელეფონო საუბარს მოჰყვა რთული შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელშიც წყაროების ცნობით, ტრამპი მოუწოდებდა უკრაინელ პრეზიდენტს მიეღო ვლადიმირ პუტინის წინადადება. 

 

თეთრ სახლში გამართული რთული შეხვედრის მიუხედავად, ამერიკელმა პრეზიდენტმა საბოლოოდ მხარი დაუჭირა ომის არსებულ პოზიციებზე გაყინვას, რასაც კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა. ბუდაპეშტში სამიტის მოსამზადებელ ეტაპს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობდა - Bloomberg-ის ცნობით, სწორედ რუბიომ უბიგძა ტრამპს პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებისკენ.

წყაროების ცნობით, სერგეი ლავროვთან გამარული სატელეფონო საუბრის შემდეგ, სახელმწიფო მდივანი მივიდა დასკვნამდე, რომ კრემლი არ არის მზად დათმობებისთვის და ომის გაჭიანურებას ცდილობს. 

Wall Street Journal თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ტრამპს სანქციების 3 პაკეტი წარუდგინეს, რომელთაგანაც პრეზიდენტმა სიმძლავრით საშუალო ოფცია არჩია და რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიები დაასანქცირა. ამავე წყაროს ცნობით, რუსეთი სანავთობო გიგანტების სანქცირება ამერიკელმა პრეზიდენტმა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მორიგი მასირებული სარაკეტო დარტყმის შემდეგ გადაწყვიტა.
 

რატომ ახლა? 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მომენტიდან დასავლეთი და მათ შორის შეერთებული შტატები, მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდნენ რუსეთის სანავთობო სექტორისთვის სანქციების დაწესებას და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. 

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ რუსულ ნავთობზე ამერიკა არასდროს ყოფილა დამოკიდებული ბაზრიდან რუსული ნავთობის გაქრობა გაზრდიდა საერთაშორისო ფასებს, რაც უარყოფითად აისახებოდა ამერიკულ ბაზარზეც და როგორც შედეგი ადმინისტრაციის მხარდაჭერის რეიტინგზეც.

ზღვით ექსპორტირებული რუსული ნავთობის შესყიდვა ევროკავშირმა 2022 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ჩრდილოვან ფლოტსა და მსხვილ სანავთობო კომპანიებს (სურგუტნეფტგაზს და გაზპრომნეფტს) მხოლოდ თავისი ვადის მიწურულს, 2024 წლის იანვარში დაუწესა. 

კომენტატორების შეფასებით, გასულ თვეებში გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მიწოდება გაიზარდა, ხოლო ფასები შემცირდა. ამას ხელი შეუწყო ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების კარტელის, (OPEC+) მიერ მოპოვების ეტაპობრივმა ზრდამ. შედეგად ამერიკაში, რომელიც ერთდროულად ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელი და მომხარებელია საწვავის ფასი 4-წლიან მინიმუმზეა და საშუალოდ გალონი ბენზინი 3 დოლარი ღირს. 

კომენტატორები კიდევ ერთ ფაქტორს გამოყოფენ, რამაც ტრამპს ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა - საქმე ის არის, რომ ამერიკაში ნავთობის გაიაფება პრობლემურია ადგილობრივი მომპოვებლებისთვის, რომლებიც ძირითად ფიქლის საბადოებს ამუშავებენ. ასეთი მეთოდით ნავთობის მოპოვება ტრადიციულზე ბევრად ძვირია (ბარელზე დაახლოებით 60$) და შესაბამისად ფასის გარკვეულ დონეზე მეტად შემცირება მოპოვების გაჩერებას ნიშნავს. 

სავარაუდოა, რომ ტრამპს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდა სპარსეთის ყურის მონარქებთან კარგი პერსონალური ურთიერთობების ფონზე - გასულ დღეებში ქუვეითის ენერგეტიკის მინისტრმა, რომელიც ასევე OPEC-ის კომიტეტის თანათავმჯდომარეა განაცხადა, რომ კარტელი მზად არის მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად გაზარდოს მოპოვება და არ დაუშვას ნავთობის დეფიციტი. 

რას წარმოადგენენ სანქცირებული კომპანიები? 

როსნეფტი რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო სანავთობო კომპანიაა, რომელსაც ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი, იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს. სხვადასხვა მონაცემებით, კომპანიაზე მთლიანად ქვეყნის ნავთობის მოპოვების მოპოვების ნახევარი მოდის, ხოლო გლობალურ ბაზარზე კომპანიის წილი 6%-ს შეადგენს.

თავის მხრივ, ლუკოილი რუსეთის უმსხვილესი კერძო სანავთობო კომპანიაა, რომელიც აქამდე აქტიურად საქმიანობდა ევროპის ბაზარზეც, მათ შორის შვილობილი კომპანიების მეშვეობით ფლობდა  2 ნათვობგადამამუშავებელ ქარხანას, რუმინეთსა და ბულგარეთში და ბენზინგასამართი სადგურების ფართე ქსელს ევროპის მრავალ ქვეყანაში. 

სხვადასხვა მონაცამებით, ჯამურად 2 კომპანიაზე ნავთობის მთლიანი წარმოების (9.5 მილიონი ბარელი ყოველდღიურად) 55% მოდის, (5.3 მილიონი ბარელი ყოველდღიურად).  

გასული სექტემბრის მონაცემებით, ჯამურად რუსეთიდან ექსპორტზე ყოველდღიურად 7.4 მილიონი ბარელი ნავთობი გადის, აქედან 3.1 მილიონი ბარელი სწორედ ამ კომპანიებს ეკუთვნით.

ამ მონაცემებით როსნეფტი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის უმსხვილესი გადამხდელია - კომპანია ბიუჯეტის შემოსავლების 14-17%-ს უზრუნველჰყოფს.

საყურადღებოა, რომ ამერიკულ სანქციებამდეც კომპანიები ფინანსურ სირთულეებს განიცდნენ - Financial Times--ის მონაცემებით 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ნავთობის ფასის კლების პარალელურად როსნეფტის 18%-ით შემცირდა, ხოლო ლუკოილის 15%-ით. 

რამდენად მძლავრია ახალი სანქციები? 

ტრამპის მიერ გამოცხადებული სანქციები ძალაში მყისიერად არ შესულა და მხოლოდ 21 ნოემბრიდან ამოქმედდება - 1-თვიანი დაყოვნება ნიშნავს, რომ კონტრაგენტებს ექნებათ საკმარისი დრო თავიანთი მიწოდების ჯაჭვის გადასაწყობად და ახალ რეალობასთან ადაპტირებისთვის. 

საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მოირღვა სასანქციო წნეხის ერთიანი ფრონტი ევროკავშირთან - ბაიდენის ადმინისტრაციის წლებში ვაშინგტონი და ბრიუსელი კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

რაც უფრო ფართეა სასანქციო რეჟიმი, მით უფრო რთულია მათი აღსრულება - ეს ერთგვარი კატათაგვობანას თამაშს ჰგავს - რუსეთი ცდილობს ჩრდილოვანი სქემების მეშვეობით მესამე ქვეყნების გავლით გვერდი აუაროს სანქციებს, ხოლო დასავლეთი ეტპობრივად ამ ხვრელების ამოკეტვას. ამ პირობებში ტრამპის მიერ სასანქციო რეჟიმში გამოცხადებულმა 9-თვიანმა პაუზამ რუსეთს საკმოდ დიდი დრო მისცა ადაპტირებისთვის. 

კომენტატორების შეფასებით, სანქციების ეფექტურობა უმთავრესად დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად მზად იქნება ხაზინა ექსტერიტორიული პრინციპით იმოქმედოს და სანქციები დაუწესოს რუსული ნავთობის კლიენტებს მესამე ქვეყნებში. თუ კი 21 ნოემბერს ხაზინა გადაწყვეტს როსნეფტისა და ლუკოილის კონტრაგენტების სანქცირებას ამ შემთხვევაში ახალი ამკრძალავი ზომების ეფექტი რუსეთის ეკონომიკისთვის უფრო მძიმე იქნება. 

დასავლური მედიების ცნობით, რუსული ნავთობის მთავარმა შემსყიდველებმა უკვე შეაჩერეს ახალი შეკვეთები, თუმცა ისინი საბოლოოდ ვითარების გარკვევას და მთავრობის დირექტივებს ელოდებიან. ეს კი თავის მხრივ კი სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული რამდენად მკაცრად მოითხოვს და გააკონტროლებს სანქციების აღსრულებას ამერიკული ხაზინა. 

მესამე ქვეყნები? 

ეკონომისტების შეფასებით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსული ნავთობის უმსხვილეს კლიენტებზე - ჩინეთსა და ინდოეთზე. 

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ამ მიზეზით დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთმა პრაქტიკულად დაკარგა გასაღების ტრადიციული, ევროპული ბაზარი და სანავთობო ექსპორტი აღმოსავლეთზე გადაეწყო, რომლის წილიც ამ დროიდან მოყოლებული განუხრელად იზრდება. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთსა და ინდოეთზე ჯამურად რუსული ნავთობის ექსპორტის 80% მოდის: ჩინეთი 2 მილიონი ბარელი ყოველდღიურად, ინდოეთი 1.5 მილიონი ბარელი ყოველდღიურად. 

ამ ქვეყნებზე რიტორიკული ზეწოლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გასულ კვირებში რამდენჯერმე გაისმა, მეტიც აგვისტოში ამერიკელმა პრეზიდენტმა ინდოეთს ფორმალურად სწორედ ამ მიზეზით დაუწესა 25%-იანი საბაჟო ტარიფები. 

ტრამპის თქმით, ინდოეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ მას განუცხადა, რომ ქვეყანამ შეწყვიტა რუსული ნავთობის შესყიდვა - ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით არ დასტურდებოდა და ინდოეთი კვლავ აგრძელებდა რუსული ნავთობის შესყიდვას, თუმცა შემცირებული მოცულობით. 

ექსპერტების შეფასებით, ინდოეთი აღნიშნული ჯაჭვის ყველაზე "სუსტი რგოლია" და აშშ-სგან მზარდი წნეხის პირობებში ნიუ-დელი მაღალი ალბათობით იძულებული იქნება ჩაანაცვლოს რუსული ნავთობი.

ამის ნიშანია ისიც, რომ აზიის უმსხვილესი ადამიანის, მუკეშ ამბანის კუთვნილმა კომპანიამ როსნეფტთან გაფორმებული პირდაპირი შეთანხმების გადახედვის შესახებ  გამოაცხადა. კონტრაქტის მიხედვით, ამბანის კუთვნილი Reliance მომდევნო 10 წლის განმავლობაში როსნეფტისგან პირდაპირი წესით დღიურად 500 ათასი ბარელი ნავთობი უნდა შეეძინა. 

ამგვარი სანქციები ძალა პრევენციულია - შეზღუდვის დამრღვევი კომპანიები რისკავენ იზოლაციას ამერიკის კაპიტალის ბაზრებისგან, საბანკო-საფინანსო სისტემისა და დაზღვევისგან. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შესაძლო რისკები მსხვილი კომპანიების შემთხვევაში აღემატება შესაძლო მოგებას - თუმცა მათი გათვლები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება ამერიკის ხაზინა დააწესოს და აღასრულოს მეორადი სანქციები. 

 

რა გავლენა ექნება სანქციებს ომის მიმდინარეობაზე?

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ახალი სანქციები ფუნდამენტურად შეცვლის კრემლის პოზიციას და ვლადიმირ პუტინს დათმობებისკენ განაწყობს. ექსპერტების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება პოტენციურად შესაძლოა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდეს რუსეთის ეკონომიკისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ეს ძირითადად პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტია. 

საყურადღებოა ფრონტზე შექმნილი ვითარებაც - ბოლო კვირებში მნიშვნლოვნად გაუარესდა უკრაინული არმიის მდგომარეობა ფრონტის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე, ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ. რუსეთის არმია იერიშს კიდევ რამდენიმე მიმართულებით აწარმოებს. ამ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი სერიოზულ დათმობებზე წავა - ამისთვის გაცილებით უფრო მასშტაბური ზომებია საჭირო, ვიდრე დაწესებული სანქციები. 

რუსეთის ეკონომიკური ზრდა მცირდება, უმაღლესი თანამდებობის პირები კი მოახლოებულ ეკონომიკურ რეცესიაზე მიუთითებენ. დროთა განმავლობაში სანავთობო და გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლების კლებამ - რაც რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების 25%-ით უზრუნველყოფს - კრემლი შესაძლოა მტკივნეული არჩევანის წინაშე დააყენოს. 

ეს მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს თუ ტრამპის ადმინისტრაცია სასანქციო წნეხის შენარჩუნებას ან გაზრდას გადაწყვეტს, მათ შორის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებით ან რუსულ ნავთობზე არსებული საფასო ჭერის შემცირებით. 

მსგავსი სიახლეები