დახმარების აღდგენა და თანხმობა 30-დღიან პაუზაზე - ჯიდას შეხვედრის შედეგები

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლები სამხედრო და სადაზვერვო დახმარების დაუყოვნებლივ აღდგენაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, უკრაინა დათანხმდა აშშ-ის შეთავაზებას, შეწყვიტოს ცეცხლი 30 დღით ფრონტის მთელ მონაკვეთზე.

რა წერია ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის ერთობლივი განცხადებაში?

შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ამერიკული მხარე ძალიან აფასებს უკრაინელი ერის სიმამაცეს, რომელიც თავის სახელმწიფოს იცავს და შეთანხმდნენ, რომ განგრძობადი მშვიდობის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის დრო მოვიდა.

"აშშ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების მიმოსვლასა და დახმარებას უსაფრთხოების სფეროში დაუყოვნებლივ აღადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, ხაზგასმულია უკრაინელი ხალხის მადლიერება ამერიკელი ხალხის, კონგრესის და პრეზიდენტ ტრამპის წინაშე, რომლებმაც "მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშვიდობის მიღწევის საქმეში.

"უკრაინამ გამოხატა მზაობა, მიიღოს აშშ-ის წინადადება 30-დღიანი ზავის შესახებ, რომლის გაგრძელებაც ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. აშშ მკაფიოდ განუმარტავს რუსეთის ფედერაციას, რომ წინადადების გაზიარება მშვიდობის დამყარების გასაღებია" - ნათქვამია შეტყობინებაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პირობებში, მხარეები ასევე ხაზს უსვამენ სამხედრო ტყვეების და დაპატიმრებული სამოქალაქო პირების გაცვლის აუცილებლობას და, ამასთანავე, გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მნიშვნელობას.

მხარეებმა შეათანხმეს დელეგაციების შემადგენლობები, რომლებიც დაუყოვნებლივ დაიწყებენ მუშაობას "გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს".

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინასთან შეთანხმებულ წინადადებებს ვაშინგტონი მოსკოვს გაუზიარებს. ამასთანავე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების სამშვიდობო პროცესში ჩართვის მნიშვნელობას.

ცალკეული პარაგრაფი ეთმობა მწირმიწების (იშვიათი მინერალების) შეთანხმებას; 2 ქვეყნის პრეზიდენტი შეჯერდა, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ მუშაობა ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების ათვისებაზე - "რათა გაძლიერდეს უკრაინის ეკონომიკა, უზრუნველყოს გრძელვადიანი განვითარება და უსაფრთხოება".

უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრა უკვე შეაფასა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომლის თქმითაც - "ბურთი უკვე რუსეთის მოედანზეა".

რუბიოს განცხადებას უკრაინელი პრეზიდენტის მიმართვაც მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფრონტის მთელ გაყოლებაზე ცეცხლის შეწყვეტა ამერიკული ინიციატივა იყო და უკრაინა მზად არის ამ ნაბიჯისთვის.

კრემლი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაშინგტონისა და კიევის ერთობლივ განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სამიტი, 28 თებერვალს თეთრ სახლში შემდგარი სკანდალური შეხვედრის შემდეგ, 2 ქვეყნის დელეგაციის პირველი ოფიციალური კონტაქტია.

მსგავსი სიახლეები