სირსკი: რუსეთმა პოკროვსკის სექტორში სამხედროების რაოდენობა 155,000-მდე გაზარდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის თანახმად, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პოკროვსკის სექტორში თავიანთი დაჯგუფების გაზრდას და სამხედროთა რიცხვმა 155 ათასს გადააჭარბა.
ვითარების არსი: ეს რიცხვი საერთო საოკუპაციო ძალების დაახლოებით 20%-ია, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში არიან ჩართულნი; მათი საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 710 ათასია.
-
სირსკის თანახმად, ვითარება პოკროვსკის მიმართულებით კვლავ რთულია. აღნიშნულ სექტორზე მოდის რუსეთის საავიაციო ბომბების 40-50%.
-
“შემოდგომაზე, გარკვეულ მომენტში, შეზღუდული შესაძლებლობის გამო ჩვენი ძალები აღარ იმყოფებოდნენ პოკროვსკში. თუმცა, 15 ნოემბრის შემდეგ, ჩვენი შეტევითი მოქმედებების შედეგად, შევძელით კონტროლის დამყარება პოკროვსკის ფარგლებში დაახლოებით 13 კმ² ტერიტორიაზე (ქალაქის საერთო ფართობი 29 კმ²-ია).
-
ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილის შენარჩუნებას, დაახლოებით სარკინიგზო ხაზის გასწვრივ. ამასთანავე, პოკროვსკის დასავლეთით, გავწმინდეთ და ახლა ვაკონტროლებთ დაახლოებით 54 კმ² ტერიტორიას” - განაცხადა გენერალმა.
-
მისი თქმით, დონეცკის რეგიონის ქალაქ პოკროვსკის დაცვა 16 თვის განმავლობაში მიმდინარეობს.

ახლო ხედით: მთავარსარდალმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ სამხედრო მოსამსახურეები გამოიყვანეს პოზიციებიდან, რომლებიც ქალაქიდან 5–7 კილომეტრში იყო განლაგებული და სადაც ისინი რჩებოდნენ მაშინაც კი, როდესაც მტერი მათ გვერდს უვლიდა:
-
„ეს იყო პოზიციები, რომლებზეც უკვე ვეღარ ვახერხებდით როტაციას და მტერი მათ გვერდს უვლიდა. მათი შენარჩუნება პრაქტიკული თვალსაზრისით აღარ იყო გამართლებული“ – თქვა მან.
-
სირსკის თქმით, მეზობელი ქალაქი მირნოჰრადი ალყაში არ არის - ლოჯისტიკა იქ რთულია, მაგრამ ის მაინც ფუნქციონირებს. სამხედროები აწყობენ დამატებით ლოგისტიკურ მარშრუტებს პოკროვსკისა და მირნოჰრადისკენ, რათა უზრუნველყონ დანაყოფებისთვის ყველა საჭირო რესურსის შეუფერხებელი მიწოდება.
-
აქტიური ფრონტის ხაზის სიგრძე ამჟამად 1,218 კილომეტრია. სირსკიმ დასძინა, რომ ერთი თვის წინ ის 1,253 კილომეტრი იყო, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების წყალობით შემცირდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ნატოში მიიჩნევენ, რომ თუ რუსეთი პოკროვსკს მთლიანად დაიკავებს, სავარაუდოდ, მას ლოგისტიკურ ცენტრად გამოიყენებს და ეცდება აქციოს პლაცდარმად დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებზე თავდასხმებისთვის, ასევე ბაზად უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად.
- თუმცა, პოკროვსკის დაცემა არ ნიშნავს უკრაინის თავდაცვის ხაზის კოლაფსს, რასაც ალიანსი უახლოეს პერსპექტივაში ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.
- ნატოს ამჟამად არ აქვს ზუსტი მონაცემები რუსეთის დანაკარგების შესახებ პოკროვსკის აღების დროს. თუმცა, ალიანსში აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 360 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და მათი შეტევის ძირითადი მიმართულება სწორედ პოკროვსკი იყო.
სრული სურათი: უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული OSINT-პროექტის, Deep State-ის თანახმად, ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 505 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე ოქტომბერში.
- წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი (მთელი მაჩვენებლის 40%) ტერიტორია რუსეთის არმიამ ზაპორიჟიის ოლქში, კერძოდ ქალაქ ჰულაიპოლეს ირგვლივ დაიკავა.
- ასევე მზარდია რუსების მიერ ქალაქ პოკროვსკისა და მირნოჰრადის ირგვლივ წინსვლის ტემპი.
- "კიდევ ერთი რთული ნოემბერი, როგორც 1 წლის წინ, როდესაც მტერმა შეძლო წინსვლა არაერთი მიმართულებით" - ნათქვამია ანგარიშში.
- Deep State-ის მონაცემებით, რეკორდულად გაზრდილია შტურმების რაოდენობაც.
- ეს მიმდინარე წლის განმავლობაში საოკუპაციო არმიის წინსვლის ყველაზე მაღალი ტემპია.