WaPo უკრაინასა და აშშ-ს მოლაპარაკებების კონკრეტულ პუნქტებს აქვეყნებს

ამერიკა და უკრაინა სამშვიდობო გეგმის მომზადების ფარლგებში 3 ცალკეულ დოკუმენტზე მუშაობენ: უშუალოდ სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრები, უსაფრთხოების გარანტიები და ეკონომიკური აღდგენა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ Washington Post-ისთვის დაწერილ სვეტში ანალიტიკოსი დევიდ იგნატიუსი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

  • წყაროს ცნობით, შეთანხმების ფარგლებში განიხილება როგორც უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ევროკავშირში და ასევე ამერიკის მიერ გაცემული უსაფრთხოების გარანტიების კონგრესში რატიფიცირება. 

ჩაშლილად: ერთ-ერთი ასეთი ინიციტივა ითვალისწინებს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში 2027 წელს - "ეს აღელვებს ზოგ მოთამაშეს ევროკავშირში, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ისინი შეძლებენ ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის გადალახავს, რომელიც ბლოკში უკრაინის მთავარ მოწინააღმდეგედ რჩება"- ნათქვამია მასალაში. 

  • წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ასევე მზად არის უკრაინას ნატოს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები მისცეს, რომელიც მოგვიანებით რატიფიცირებული იქნება კონგრესის მიერ. 

  • უკრაინა ასევე უსაფრთხოების ცალკეულ გარანტიებს მიიღებს ევროპის ცალკეული სახელმწიფოებისგან, ორმხრივი შეთანხმების ფორმატში. 

  • ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება უკრაინის არმიის ზომაზე რაც რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა - საუბარია არმიის რიცხოვნების შეზღუდვაზე 600 ათასიდან 800 ათასის ფარგლებში, თუმცა უკრაინა ეწინააღმდეგება ნებისმიერ კონსტიტუციურ შეზღუდვას. 

  • ამერიკული გეგმის მიხედვით, ფრონტის არსებულ ხაზებზე დემილიტარიზებული ზონა უნდა გამოცხადდეს და დამატებით განიხილება ამ ზონის სიღრმის გაზრდა, რომელშიც აკრძალული იქნება მძიმე შეიარაღების შეყვანა. 

  • "ტერიტორიების გაცვლა ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების განუყოფელი ნაწილი იქნება, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო თანხმობა კონკრეტულ ხაზებზე"- ნათქვამია მასალაში. 

  • დევიდ იგნატიუსის წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია იზიარებს პოზიციას, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში უკრაინა ისედაც დაკარგავს დონეცკის ოლქს მთლიანად ან მის დიდ ნაწილს. 

  • ამასთანავე გეგმის მიხედვით, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური აღარ იქნება რუსული ოკუპაციის ქვეშ და განიხილება მასზე ამერიკული კონტროლის დაწესება. 

  • ტრამპის წინადადება ასევე ითვალისწინებს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიდან 100 მილიარდის უკრაინისთვის გადაცემას და სპეციალური საინვესტიციო ფონდის დაარსებას, რომლის მთავარი მისიაც უკრაინის ეკონომიკური აღდგენა იქნება. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფის, BlackRock-ის პრეზიდენტთან, ლარი ფინკთან. 

დიდი სურათი: იგნატიუსის შეფასებით, უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებები გაართულა გასულ კვირას თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულმა ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ, რომელიც ევროპაში რუსეთისთვის სასარგებლო დოკუმენტად მიიჩნიეს.

  • ავტორის შეფასებით, ტრამპის ხისტი ტაქტიკის მიუხედავად და აგრესორის მიმართ სიმპათიის მიუხედავად, ამგვარი სამშვიდობო შეთანხმების კონტურები სულ უფრო მეტად იკვეთება და შესაძლებლად მოსჩანს. 

  • "ტრამპს ჯერ კიდევ შეუძლია საქმის გაფუჭება, ზელენსკისაზე და მის ევროპელ პარტნიორებზე წნეხის იმგვარად გაზრდით, რომ მათ (რედ. უკრაინამ და ევროპამ) მძიმე ფასის მიუხედავად, შესაძლოა კვლავ ბრძოლის გაგრძელება არჩიონ"- წერს იგნატიუსი.  

მსგავსი სიახლეები