განხეთქილება ევროპელ ულტრამემარჯვენეებში: სასურველია ტრამპის მხარდაჭერა? - Politico

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპელი ნაციონალისტების ღია მხარდაჭერა ევროპის ულტრამემარჯვენე პარტიებში განხეთქილებას იწვევს. ამის შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა Politico აქვეყნებს.

ვითარების არსი: ტრამპის მიმართ დამოკიდებულება საფრანგეთისა და გერმანიის უდიდეს ულტრამემარჯვენე პარტიებში აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც მათი შიდა პოლიტიკური გათვლებით არის განპირობებული.

  • გერმანული "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ტრამპის მხარდაჭერას შიდა ლეგიტიმაციის მოპოვების გზად მიიჩნევს.
  • AfD-ს ლიდერები მიესალმნენ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპის მეინსტრიმ პოლიტიკური ლიდერების კრიტიკას.
  • AfD-ის ევროპარლამენტარი პეტრ ბისტრონი აცხადებს: "ეს არის ჩვენი საქმიანობის პირდაპირი აღიარება. "ალტერნატივა გერმანიისთვის"ყოველთვის იბრძოდა სუვერენიტეტის, რემიგრაციისა და მშვიდობისთვის — სწორედ იმ პრიორიტეტებისთვის, რასაც ტრამპი ახლა ახორციელებს."
  • AfD-ს წევრების დელეგაცია ამ კვირაში ვაშინგტონში MAGA რესპუბლიკელებთან შეხვედრას გეგმავს, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს და პარტიის მიმღებლობა გაზარდოს.
  • ამგვარად, "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერებმა მარტივი გათვლა გააკეთეს: ტრამპის მხარდაჭერამ შესაძლოა პარტიას უფრო მეინსტრიმული ელფერი შესძინოს, რაც დაეხმარება მას მეტი ამომრჩევლის მოზიდვაში, ხოლო ამავე დროს, პოლიტიკურად გაართულებს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვის" მათ პარტიასთან კოალიციაში შესვლაზე უარის თქმა.

დაეწიე ამბავს: საპირისპირო ვითარებაა მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანებაში", რომელიც სიფრთხილით არის განწყობილი ტრამპთან დაახლოების მიმართ, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთის ამომრჩეველში ღრმად არაპოპულარულია და პირდაპირი მხარდაჭერა მათთვის პოლიტიკურ ტვირთად აღიქმება.

  • პარტიის თავმჯდომარე ჯორდან ბარდელამ ტრამპის ანტიიმიგრანტულ პროგრამას ზოგადად დაუჭირა მხარი, მაგრამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის როლი ფრანგულ პოლიტიკაში: "მე ფრანგი ვარ, ამიტომ არ მომწონს ვასალობა, და არ მჭირდება დიდი ძმა, როგორიც ტრამპია, რათა ჩემი ქვეყნის ბედზე ვიფიქრო."
  • მარინ ლე პენი ცდილობს პარტიის იმიჯის გაუმჯობესებას და უფრო ზომიერ ძალად პოზიციონირებას 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რათა უფრო მეინსტრიმ ამომრჩევლისთვის გახდეს მისაღები.
  • სწორედ ამ მიზნით, ის გასულ წელს ეწინააღმდეგებოდა AfD-სთან ერთად ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფში ყოფნას.
  • პოლიტოლოგი ჟან-ივ კამიუს თქმით, "ტრამპიზმი მკაფიოდ ამერიკული ფენომენია, რომელიც საფრანგეთში ვერ დაინერგება. ლე პენი, რომელიც ნორმალიზაციაზე მუშაობს, არ არის დაინტერესებული ტრამპთან დაკავშირებაში, რათა საფრანგეთში არ მოხდეს მისი "ტრამპის აგენტად" ბრენდირება, რადგან მას ისედაც ხშირად ადანაშაულებენ უცხო ძალების (უმეტესად რუსეთის) სამსახურში."
  • 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულმა Odoxa-ს კვლევამ აჩვენა, რომ "ეროვნული გაერთიანების" ამომრჩევლების 56% ტრამპის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. იმავე გამოკითხვაში, ჯამურად ყველა პარტიის ამომრჩევლების 85%-მა ტრამპი "აგრესიულად," ხოლო 78%-მა "რასისტად" შეაფასა.

დიდი სურათი: განსხვავებული მიდგომები ცხადყოფს, რომ ევროპელი ნაციონალისტები, მიუხედავად იდეოლოგიური სიახლოვისა, საკუთარ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს მკაცრად ადგილობრივი პოლიტიკური გარემოებების მიხედვით იღებენ.

მსგავსი სიახლეები