ნავალნის გუნდის ცნობით, პოლიტიკოსი ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ

ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ პოლიტიკოსის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში უნდა გაეცვალათ. 

ამის შესახებ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის (ФБК) დირექტორმა, მარია პევჩიხმა განაცხადა. 

პევჩიხის თქმით, ნავალნი ციხეში მოკლეს - "ის (რედ. ნავალნი) ამ დღეებში უნდა გაეცვალათ, პუტინმა შესაბამისი წინადადება მიიღო. 15 თებერვალს მე მაცნობეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინაროებს და ფინალურ სტადიაზეა, 16 თებერვალს ალექსეი ნავალნი მოკლეს",- ამბობს პევჩიხი. 

პოლიტიკოსის თქმით, კრემლთან კომუნიკაცია რომან აბრამოვიჩის გავლით მიმდინარეობდა. პევჩიხის თქმით, პუტინის მკაფიოდ განუმარტეს, რომ კრასიკოვის გათავისუფლების ერთადერთი გზა ნავალნის გათავისუფლებაა და სწორედ ეს გახდა მისი მკვლელობის მოტივი. 

"პუტინი ფიქრობს, რომ რახან კრასიკოვის გათავისუფლებაზე პრინციპული თანხმობა არსებობს, საჭიროა ვაჭრობის საგნის შეცვლა და შემდეგ ვინმე სხვა პატიმრით ჩანაცვლება",- ამბობს პევჩიხი. 

კონტექსტი 

16 თებერვალს ალექსეი ნავალნი კოლონია "პოლარულ მგელში" გარდაიცვალა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ყოველდღიური გასეირნების შემდეგ, ნავალნი შეუძლოდ გახდა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

საგამოძიებო უწყებები 1 კვირის განმავლობაში მალავდნენ პოლიტიკოსის ცხედარს და უარს ამბობდნენ ოჯახის წევრებისთვის გადაცემაზე. 24 თებერვალს ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს. 

ნავალნის შესაძლო გაცვლის შესახებ გასულ თვეებში აქტიურად წერდა დასავლური მედიაც. გასული წლის ოქტომბერში Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით შესაძლო გაცვლის პირობებზე წერდა. 

გაზეთთან საუბარში ევროპული და ამერიკული წყაროები ამბობდნენ, რომ საუბარი მრავალმხრივ გაცვლაზე, მათ შორის ევროპის ქვეყნებში დაპატიმრებულ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებისა და რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერების, მათ შორის ალექსეი ნავალნის გაცვლაზეც. 

კრასიკოვის გაცვლის შესაძლებლობაზე საუბრობდა ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონისთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში. 

ვადიმ კრასიკოვი 2019 წელს ცენტრალურ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. სასამართლომ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გერმანიის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, კრასიკოვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი იყო, ხოლო ზელიმხანის მკვლელობა სახელმწიფოს დონეზე მომზადდა. 

ხანგოშვილი მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, ის რუსეთის მიერ ინტერპოლისთვის გადაცემულ ძებნილთა სიაში იყო. ადრეული 2000-იანი წლებიდან ხანგოშვილი საქართველოში, კერძოდ პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. 2016 წელს თბილისში თავს ხანგოშვილს თავს დაესხა შეიარაღებული პირი, ხანგოშვილი მძიმედ დაიჭრა. 

საქართველოს სახელმწიფომ უარი უთხრა ხანგოშვილს დაცვის გამოყოფაზე, რის შემდეგაც ის ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა. ხანგოშვილი გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. 

არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ხანგოშვილი წლების განმავლობაში საქართველოს სპეცსამსახურებთან ახლოს თანამშრომლობდა. 

 

მსგავსი სიახლეები