ნეთანიაჰუ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას განიხილავს

საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. 

მანამდე მსგავსი შინაარსის კომენტარი ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში გაავრცელა, მისი თქმით, გამორიცხული არ არის რკინის გუმბათის გადაცემაც. 

კონტექსტი

ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მარკონის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაგმობილი იყო ირანის ბირთვული პროგრამა. თავის მხრივ ისრაელი უკვე მრავალი წელია ღიად ეწინააღმდეგება ირანის მცდელობებს განავითაროს ბირთვული იარაღის პროგრამა. 

ისრაელი ღიად ეწინააღმდეგებოდა 2015 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ ბირთვულ შეთანხმებას ირანთან, რომელშიც საფრანგეთიც მონაწილეობდა. 

ექსპერტების აზრით, ე.წ. უკრაინული ქარდის გათამაშებით, ნეთანიაჰუ ცდილობს ევროპაში ანტი-ირანული ფრონტის მობილიზებას. ისრაელი დიდი ხანია ცდილობს, ირანისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სანქცირებას, რასაც საფრანგეთი და გერმანია ამ დრომდე ეწინააღმდეგებიან. 

ემანუელ მაკრონი ირანთან შედარებით მკაცრი მიდგომის მომხრეა და მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა. 

საპარლამენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ, ბევრი კომენტატორი ფიქრობდა, რომ ისრაელი რუსეთთან მიმართებით უფრო რბილ დამოკიდებულებას აირჩევდა. ამგვარი მოლოდინის მიზეზი ნეთანიაჰუსა და პუტინს შორის წარსულში კარგი პერსონალური ურთიერთობები იყო. 

მოლოდინების საპირისპიროდ, პრემიერის სავარძელში დაბრუნების შემდეგ, ნეთანიაჰუმ უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ პოლიტიკის გადასინჯვის განკარგულება გასცა. 

სხვადასხვა წყაროების ცნობით, ისრაელი განიხილავს უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება თავად გადასცეს, ან მესამე ქვეყნებს ისრაელში წარმოებული შეიარაღების რეექსპორტის უფლება მისცეს. 

 

მსგავსი სიახლეები