ნეთანიაჰუმ ჰამასთან ომი ნაცისტების წინააღმდეგ ომს შეადარა
უცხოური მედიისთვის ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, მიუთითებს თუ არა ღაზაში დაღუპულთა მაღალი რიცხვი, რომ ისრაელი "კოლექტიურად სჯის პალესტინელ ხალხს," ნეთანიაჰუმ უპასუხა: "არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ უნდა მოკვდეს. ჰამასმა უბრალოდ უნდა გაუშვას ისინი უსაფრთხო ზონაში, რომელიც ისრაელმა შექმნა. ჰამასი ხელს უშლის მათ წასვლას, აკავებს მათ კონფლიქტის ზონაში."
მისი თქმით, კითხვა ჰამასისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ გაიმეორა, რომ ისრაელი "გზას ტოვებს," რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.
"ამ ტერორისტებს... ამ ველურებს იმუნიტეტს ვერ მივანიჭებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. მაგრამ ჩვენ ვერ შევწყვეტთ ბრძოლას... ეს არის ცივილიზაციის ბრძოლა ბარბაროსების წინააღმდეგ," - აღნიშნა მან.
ნეთანიაჰუმ 1944 წელს, კოპენჰაგენში, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების მიერ გესტაპოს შტაბ-ბინის დაბომბვა გაიხსენა.
"ბრიტანელმა მფრინავებმა მიზანს ააცილეს და მახლობლად მდებარე ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს, რის შედეგადაც, 84 ბავშვი დაიღუპა." (რეალურად, ეს თავდასხმა 1945 წელს მოხდა. - რედ)
"ეს არ არის ომის დანაშაული. ეს არ არის ის, რაშიც ბრიტანეთს ადანაშაულებენ. ეს იყო ომის ლეგიტიმური აქტი, რომელსაც თან ახლავს ტრაგიკული შედეგები," - თქვა მან.
"და თქვენ არ გითქვამთ მოკავშირეებისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შედეგების გამო ნაცისტების დაბომბვა შეეწყვიტათ… მათ იცოდნენ, რომ ჩვენი ცივილიზაციის მომავალი სასწორზე იყო. ჰოდა, ახლა გეუბნებით, რომ ჩვენი ცივილიზაციის მომავალი საფრთხეშია. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებით. დაე წარმატებას მივაღწიოთ." - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.