ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნები - რა უნდა ვიცოდეთ? |მოკლე მიმოხილვა|
22 ნოემბერს ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, სადაც გამარჯვებისთვის სამი ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი იბრძვის.
ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ამ პოსტს 13 წლის განმავლობაში იკავებდა. მიმდინარე წლის ივლისში, მან მინისტრთა კაბინეტი მიგრაციის საკითხზე უთანხმოების გამო დაშალა და ქვეყანაში ახალი არჩევნები დაინიშნა.
ამ არჩევნებზე, მარკ რუტეს სახალხო თავისუფლებისა და დემოკრატიის (VVD) პარტიას, დილან იეშილგოზი ხელმძღვანელობს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, ნიდერლანდების პირველი ქალი პრემიერი გახდება.
თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, არჩევნების მოგების სერიოზული შანსი ცენტრისტ პოლიტიკოს - პიტერ ოციგტსაც აქვს, რომლის პოპულარობაც, ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა.
საარჩევნო სისტემა
ნიდერლანდების პარლამენტში 150 დეპუტატია. მათ ყოველ ოთხ წელიწადში ირჩევენ, თუმცა სამთავრობო კოალიციების დაშლის გამო, ხშირია რიგგარეშე არჩევნებიც.
საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულია და ქვეყანას ფიქსირებული საარჩევნო ბარიერი არ გააჩნია. არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 150-ზე იყოფა, რათა შეიქმნას ხმების კვოტა, რომელიც საჭიროა ერთი მანდატის მისაღებად.
ბოლო არჩევნებში, ეს კვოტა თითქმის 70,000 ხმა იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუკი პარტია ამ რაოდენობის ხმას მიიღებდა, პარლამენტში ერთ მანდატს მოიპოვებდა. გარდა ამისა, პარტიებს შეუძლიათ ის ხმები, რომლებიც დამატებითი მანდატის მოსაპოვებლად საკმარისი არ არის, პარტნიორ პარტიებს გადასცენ, რათა მათი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდოს.
პარტიების მხარდაჭერის გარდა, ხმის მიცემისას მოქალაქეებს შეუძლიათ საარჩევნო სიაში მათი ფავოროტი კანდიდატებიც გამოარჩიონ. ამით პოლიტიკოსები, რომლებიც სიის ქვედა ნაწილში არიან, შანსს იღებენ, რომ პარლამენტის წევრები მაინც გახდნენ.
ძირითადი კანდიდატები
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ბოლო საპარლამენტო არჩევნებიდან მხოლოდ ორი წელი გავიდა, ბევრი კანდიდატი ახალია, რომელთა შორისაც ორი ფავორიტია.
დილან იეშილგოზი მმართველი პარტიის, VVD-ს ახალი ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც მარკ რუტემ ივლისში განაცხადა, რომ ჰოლანდიურ პოლიტიკას დატოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქურთი და თურქი ლტოლვილების შვილია, მკაცრი ანტი-მიგრაციული ხედვებით გამოირჩევა. ამ საკითხზე საუბრისას იეშილგოზმა პირობა დადო, რომ თავშესაფრის ორ დონიან სისტემას შემოიღებს.
გამარჯვების ერთ-ერთი ფავორიტია პიტერ ოციგტსი და მისი ახალი სოციალური კონტრაქტის (NSC) პარტია. ოციგტსი მთავრობას არაეფექტური მმართველობისა და სხვადასხვა ტიპის სკანდალების გამო აქტიურად აკრიტიკებდა, რამაც მისი რეიტინგის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
კლიმატის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი ფრანს ტიმერმანსი
არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის ყოფილი ევროკომისარი კლიმატის საკითხებში ფრანს ტიმერმანსი, რომელიც ლეიბორისტული და მწვანეთა პარტიების ბლოკის ლიდერია. მემარცხენე კანდიდატი საშემოსავლო გადასახადის გაზრდას და 2030 წლისთვის ჰოლანდიის სათბური გაზების ემისიების 65%-ით შემცირებას ემხრობა.
წინასაარჩევნოდ ძლიერი პოზიციები აქვთ ულტრამემარჯვენე ძალებსაც. ხერტ ვილდერსი უკვე 25 წელია, რაც ნიდერლანდების პარლამეტის წევრია, მაგრამ მისი ანტიისლამური და ევროსკეპტიკური პარტია, მთავრობაში არასოდეს ყოფილა.
2023 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას მან შეასუსტა ანტიისლამური რიტორიკა, რათა სამთავრობო კოალიციის წევრი გახდეს. მისი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ბოლო სატელევიზიო დებატების შემდეგ გაიზარდა, სადაც პოლიტიკოსი აქტიურობით გამოირჩა.
პოპულარობით სარგებლობდა კაროლინ ვან დერ პლასის მემარჯვენე პოპულისტური პარტია ფერმერ-მოქალაქეთა მოძრაობა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და ჰოლანდიის პარლამენტის ზედა პალატაში ყველაზე დიდი პარტია გახდა. თუმცა, ამ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა მკვეთრად მცირდება, რასაც ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც, სადაც ხშირ შემთხვევაში მეხუთე ადგილს იკავებენ.
არჩევნებში სულ 26 პარტია მონაწილეობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ პარლამენტში მხოლოდ 17 პარტია შევა.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, 20%-ზე მეტის მიღების პერსპექტივა მხოლოდ 3 პარტიას - მწვანეების და მემარცხენეების ალიანსს (27%), იეშილგოზის სახალხო თავისუფლებისა და დემოკრატიის პარტიას (27%) და ვილდერსის პარტიას თავისუფლებისთვის აქვს (26%).
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ხერტ ვილდერსი
მისი წინამორბედისგან, მარკ რუტესგან განსხვავებით, VVD-ს ლიდერმა იეშილგოზმა არ გამორიცხა ულტრამემარჯვენე ხერტ ვილდერსთან თანამშრომლობა. ამ პარტნიორობის შემთხვევაში, შეიძლება ოთხი ცენტრისტული და მემარჯვენე პარტიის კოალიცია შეიქმნას - მათ შორის იქნება ფერმერ-მოქალაქეთა მოძრაობა (BBB) და ახალი სოციალური კონტრაქტი (NSC).
თავის მხრივ, ომციგტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის მზად ვილდერსთან თანამშრომლობისთვის, რადგან "მთავრობა ისეთ პარტიებთან ერთად უნდა შეიქმნას, რომლებიც კლასიკურ ფუნდამენტურ უფლებებს იცავენ." ვილდერსი დიდი ხანია ითხოვს ნიდერლანდებში მეჩეთების, ყურანისა და ისლამური სკოლების აკრძალვას.
ეს უმცირესობის მთავრობის შექმნის შესაძლებლობას ტოვებს, რომელშიც VVD, NSC ან BBB ვილდერსის პარტიის მხარდაჭერას მიიღებენ. თუმცა, იეშილგოზმა თქვა, რომ მას არ სურს უმცირესობის მთავრობის ხელმძღვანელობა, თუ მისი პარტია პირველ ადგილზე გავა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად საარჩევნო შედეგი მისგან განსხვავდება. ამომრჩეველთა დიდი ჯგუფი საბოლოო გადაწყვეტილებას ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იღებს, რასაც შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოჰყვეს.