ნორმანდიაში მყოფმა ბაიდენმა მადლობა გადაუხადა უკრაინელებს და მხარდაჭერას დაჰპირდა

ნორმანდიაში მოკავშირეების დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილეზე მყოფმა ამერიკელმა პრეზიდენტმა დემოკრატიის დაცვის აუცილებლობასა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაზე ისაუბრა. 

სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა პარალელი გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც აღმოსავლეთ ევროპული დემოკრატიები დღეს აღმოჩნდნენ. 

"ჩვენ ვიცით ის ძალები, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები 80 წლის წინ. ჩვენ ვიცით, რომ ეს ძალები არ გამქრალან. აგრესია, სიხარბზე, დომინირების სურვილი და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა ეს მუდმივი საფრთხეა, ბრძოლა თავისუფლებასა და დიქტატურას შორის არ არის დასრულებული."

ბაიდენმა ყურადღება განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უკრაინას, რომელშიც "ტირანი" შეიჭრა. "უკრაინელები იბრძვიან არნახული სიმამაცით, განიცდიან დანაკარგებს, მაგრამ უკან არ იხევენ" - განაცხადა ბაიდენმა. 

ამერიკელმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ 50-ზე მეტი სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიცია (რედ. რამშტაინის ფორმატი) კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. 

"ჩვენ თუ უკან დავიხევთ უკრაინა დამარცხდება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან უკრაინის მეზობლები, მთელი ევროპი საფრთხის ქვეშ იქნება. ეჭვი არ შეგეპაროთ, ავტოკრატები მთელი მსოფლიოდან ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს."

კონტექსტი 

ბაიდენი სხვა დასავლური ლიდერების მსგავსად საფრანგეთში იმყოფება. დღეს მოკავშირეების მიერ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დესანტის გადასხმის 80 წლის იუბილეს ზეიმობენ. ე.წ. D-Day მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობაში ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა. 

ემანუელ მაკრონის მიწვევით უკვე საფრანგეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი შეხვედრა ხვალ, 7 ივნისს გაიმართება. ფრანგული მედიის ცნობით, სავაურადოა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ემანუელ მაკრონი უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს. 

 

მსგავსი სიახლეები