ნორვეგიის განათლების მინისტრი პლაგიატში მხილების გამო თანამდებობიდან გადადგა
ნორვეგიის კვლევისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა, სანდრა ბორხმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტმა პლაგიატში ამხილა.
27 წლის სტუდენტმა, კრისტოფერ რიტერაგერმა აღმოაჩინა, რომ სანდრა ბორხმა საკუთარ სამაგისტრო თეზისში სხვა ავტორების მიერ დაწერილი სამაგისტრო ნაშრომები, ავტორის მითითების გარეშე, გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, 6 ავტორის ნაშრომის გარდა, ბორხმა დაახლოებით 10 000 სიმბოლო შრომისა და სოციალური ინკლუზიის სამინისტროს ანგარიშიდან გამოიყენა.
”დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც სამაგისტრო ნაშრომი დავწერე, დიდი შეცდომა დავუშვი. მე გამოვიყენე ტექსტი სხვა დავალებიდან ავტორის მითითების გარეშე“, - სანდრა ბორხი.
ოსლოს უნივერსიტეტის სტუდენტმა სანდრა ბორხის აკადემიური საქმიანობის გამოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მინისტრმა იმ რამდენიმე სტუდენტის მიმართ, რომელიც „თვითპლგიატში“ ამხილეს, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინა.
რამდენიმე სტუდენტმა საკუთარი წინა ნაშრომიდან დიდი მოცულობის ტექსტი, წყაროს მითითების გარეშე, გამოიყენა, რის შედეგადაც მათი საქმის განხილვა ნორვეგიის უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა.
„სტუდენტებს თვითპლაგიატის გამო უნივერსიტეტიდან აძევებდნენ. გავბრაზდი და ვიფიქრე, რომ მინისტრის საქმიანობის შემოწმება კარგი იდეა იქნებოდა“, - კრისტოფერ რიტერაგერი.
კვლევებისა და უმაღლესი განათლების მინისტრთან დაკავშირებულმა სკანდალმა, დღის წესრიგში სხვა მინისტრების აკადემიური საქმიანობის საკითხიც დააყენა. რამდენიმე მედია გამოცემამ ჯანდაცვის მინისტრის, ინგვილდ კიერკოლის ნაშრომშიც აღმოაჩინა „საეჭვო დამთხვევები“, რასაც მინისტრმა „რედაქტირების შეცდომები“ უწოდა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, იონას გარ სტიორე სანდრა ბორხის გადადგომის გადაწყვეტილაბას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ: „მისი ქმედებები "არ შეესაბამება ნდობას, რომელიც კვლევისა და უმაღლესი განათლების მინისტრისთვის აუცილებელია".