ნატოს წევრ ფინეთის საზღვართან განლაგებული შეიარაღება კრემლმა უკრაინაში გადაიტანა
ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრის გასწვრივ განლაგებული სამხედრო გარნიზონები და სამხედრო ნაწილები თითქმის სრულად დაცარიელდა - ნატოს წევრი სახელმწიფოების საზღვრიდან შეიარაღება კრემლმა უკრაინაში გადაისროლა.
ინფორმაციას ამის შესახებ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"საშუალოდ, ფინეთის საზღვართან განთავსებული ჯარისკაცებისა და შეიარაღების 80% ამ დროისთვის უკრაინაშია გადასროლილი" - ამბობს გამოცემასთან საუბარში ფინური დაზვერვის მაღალჩინოსანი.
სახმელეთო ნაწილების მოშიშვლების მიუხედავად, ფინური დაზვერვის ცნობით, ჯერჯერობით კვლავ მაღალ დონეზეა დაკომპლექტებული რუსეთის საჰაერო თავდაცვის, საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და ფლოტის ნაწილები საზღვრისპირა ტერიტორიაზე.
ჯამურად, სახმელეთო ნაწილების კომპლექტაციის დონე რუსეთის ჩრდილოეთ ოლქებში, ფინური დაზვერვის ცნობით, 20%-ს არ აღემატება. ამ სამხედრო ნაწილებში ძირითადად წვევამდელები და მათი უშუალო მეთაურები რჩებიან, სხვები კი, უკვე თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული საკონტრაქტო სამსახურის ფარგლებში, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ნორვეგიის დაზვერვის სამსახურის 2024 წლის ანგარიშის ცნობით, 80%-ით არის შემცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილების პირადი შემადგენლობა კოლსკის ნახევარკუნძულზე, ხოლო, ძალების აღსადგენად რუსეთს, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, 3-5 წელი დასჭირდება.
კონტექსტი
2022 წლის სექტემბერში, გამოცემა Foreign Policy-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ფინეთისა და ნორვეგიის საზღვარზე რუსეთის სახმელეთო ჯარების კომპლექტაციის დონე არ აღემატებოდა 20%-ს, თუმცა, იმ დროს ფინეთი ჯერ კიდევ არ იყო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტოები რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე მეტყველებს:
- პეტროზავოდსკში სამხედრო ტექნიკის ბაზაზე აშენდა ჯავშანტექნიკის სარემონტო საამქრო, რომელსაც ერთდროულად 50-მდე ჯავშანტრანსპორტიორის რემონტი შეუძლია;
- დასახლება შუიში, რომელშიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე 200 ერთეული ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული, საარტილერიო დანადგარებთან და სატვირთო ავტომობილებთან ერთად ამ დროისთვის სრულად დაცარიელებულია;
- ფინეთის საზღვრის მახლობლად მდებარე კამენკაში, მიმდინარე წლის აპრილიდან, მოზრდილი კარვების ქალაქი გამოჩნდა, რომელიც 2000-მდე ჯარისკაცისთვისაა გათვლილი - ფინელი ანალიტიკოსების აზრით, ეს რუსეთის მობილიზებული მოქალაქეების ერთ-ერთი საწვრთნელი ბაზაა;
- გასული წლის აგვისტოში, პსკოვის სამხედრო აეროდრომზე უკრაინის მასირებული დრონების იერიშის შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა ობიექტიდან 21 სატრანსპორტო თვითმფრინავი გადაეყვანა;
მიმდინარე წლის მარტში, ვლადიმირ პუტინმა, ლენინგრადის სამხედრო ოლქის ხელახალი შექმნის შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, უნდა შეიქმნას ახალი სამხედრო ბრიგადები და კორპუსები, რომლებიც პრობლემას შეუქმნიან ფინეთსა და შვედეთს. ამ სამხედრო ოლქის მეთაურად კი, გენერალი ალექსანდრ ლაპინი დაინიშნა. სწორედ, ლაპინი მეთაურობდა რუსულ დანაყოფებს 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ელვისებური კონტრიერიშის დროს ხარკივის ოლქში.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების ცნობით, ამ დროისთვის ლენინგრადის სამხედრო ოლქში შემავალი დანაყოფები ძირითადად ხარკივის ოლქში მიმდინარე იერიშში მონაწილეობენ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიამ 10 მაისს დაიწყო.