ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე 3 აფეთქება მოხდა
ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ ნოვოფიოდორვკასთან ახლოს მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე სამი აფეთქება მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმხილველებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ცნობები, რომ აფეთქების ხმები ამ დრომდე ისმის.
აფეთქებების შესახებ გავრცელებული ცნობები დაადუსტურა ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციამაც, თუმცა ჯერჯერობით ისინი არ საუბრობენ კონკრეტულ გარემოებებზე.
სოფელი ნოვოფიოდოროვკა ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ საკის მახლობლად მდებარეობს. ღია წყაროების მიხედვით ამ ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აეროდრომი და პოლიგონი.
ყირიმში მომხდარი აფეთქებების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია უკრაინულ მხარეს.
ბოლო კვირებში ეს ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების მეორე შემთხვევაა - 31 ივლისს რუსეთში სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს, ოკუპირებულ სიმფეროპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე შეტევა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით განხორციელდა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა შტაბის 6 თანამშრომელი.