ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ს თავდაცვის ხარჯის სამიზნეს გაისად მიაღწევს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი თქმით, უკვე გაისად, გერმანიის თავდაცვის ხარჯები NATO-ს სამიზნე მაჩვენებელს, ანუ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს გაუტოლდება.
ოლაფ შოლცმა განცხადებაში ახსენა განსაკუთრებული დანიშნულების 100 მილიარდ ევროიანი ფონდი, საიდანაც გერმანული თავდაცვის სისტემის განახლება უნდა დაფინანსდეს. მისი თქმით ეს მნიშვნელოვანი, თუმცა პირველი ნაბიჯია.
"ჩვენ მშვიდობის ხანაში არ ვცხოვრობთ. ჩვენი მშვიდობიანი წესრიგი საფრთხეშია. დღეს სერიოზულად აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რასაც გერმანიაში დიდხანს თავს ვარიდებდით - კერძოდ იმას, რომ ძლიერი ჯარი გვჭირდება", - ვკითხულობთ ბუნდესკანცლერის განცხადებაში.
განცხადების ბოლოს ოლაფ შოლცი წერს, რომ გერმანიაში ვეტერანების მეტად დაფასებაა საჭირო. კანცლერი მიესალმება ინიციატივას, დაწესდეს ვეტერანთა დღე, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება.