ომის ქრონიკა | დღე მეექვსე - მოკლედ

 

ომის მეექვსე დღე გაძლიერებული რუსული საარტილერიო და სარაკეტო იერიშის ფონზე წარიმართა.

რუსული საოკუპაციო ძალები დედაქალაქისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ - ჯერჯერობით უშედეგოდ.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ სამოქალაქო მსხვერპლმა 2 000-ს გადააჭარბა. 

ქვემოთ 1 მარტის მდგომარეობით საომარ თეატრზე ძალების გადაადგილების დინამიკას მიმოვიხილავთ. 

რუსულმა არმიამ იერიში ოთხი მთავარი მიმართულებით - კიევის, ხარკოვის, მარიუპოლის და ხერსონის - ფრონტებზე აწარმოეს.

 

კიევის ფრონტი

დედაქალაქის ოკუპაცია რუსული სამხედრო ოპერაციის მთავარ ამოცანად რჩება. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ბელარუსიდან კიევისკენ რუსული მძიმე სამხედრო ტექნიკა განუწყვეტლივ კოლონებად მიემართება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ჰყავთ თუ არა რუსებს მობილიზებული ქალაქისთვის ალყის შემოსარტყმელად საკმარისი ძალები.

ოკუპანტებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში შეაღწიეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება დედაქალაქის - მათ შორის სამოქალაქო ობიექტების - საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვა. ქალაქის ქუჩებში ბრძოლაში მონაწილეობას ძირითადად რუსული სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები იღებენ, რომლებიც ხშირად სამხედრო უნიფორმის გარეშე გადაადგილდებიან.

პარალელურად კიევისკენ რუსული არმია ჩრდილო-დასავლეთიდან - ჩერნიჰივის და სუმის ფრონტებიდან - მოიწევს. მდინარე დესნაზე მდებარე ჩერნიჰივი სტრატეგიულ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს - სავარაუდოა, რომ რუსები ქალაქის აღებას შეეცდებიან (და არა გვერდის ავლას, როგორც ამას სხვა შემთხვევებში აკეთებენ).

1 მარტისთვის საოკუპაციო ძალებს წინ მნიშვნელოვნად არ წაუწევიათ - სავარაუდოა, რომ რუსები იერიშის გასაახლებლად ლოჯისტიკურ და დამხმარე ნაწილებს ელოდებიან. სატელიტური ფოტოგრაფია აჩვენებს, რომ ჩერნიჰივისკენ გადასასროლად ბელარუსში, გომელში განთავსებული რუსული ძალები ემზადებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში სუმის მიმართულებით რუსული არმია წინ არ დაძრულა და ზურგში უკრაინული ძალების წინააღმდეგობის გამკლავებას ცდილობს.

 

 

ხარკოვი

ხარკოვის ასაღებად რუსები მასიურ სახმელეთო იერიშს აგრძელებენ. უკანასკნელი ინფორმაციით, ქალაქის სხვადასხვა ობიექტზე თავდასასხმელად საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საქვემეხო არტილერია და თერბობარული იარაღი გამოიყენეს. სავარაუდოდ, შემდეგი 24-72 საათის განმავლობაში ხარკოვზე იერიში კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა ოპერაციის შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

 

მარიუპოლის ფრონტი

მოსკოვის ერთ-ერთ ამოცანას ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და ოკუპირებულ დონბასს შორის „სახმელეთო ხიდის“ გადება წარმოადგენს, რომელიც აზოვის საპორტო ქალაქ მარიუპოლზე გადის. 1 მარტისთვის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლი სრულ საზღვაო და სახმელეთო ბლოკადაში მოაქციეს. ქალაქში ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინის არმია და ტერიტორიული თავდაცვის ძალები დანებებას არ აპირებენ.

 

ხერსონის ფრონტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ხერსონზე. ხერსონის აღება რუსებს საშუალებას მისცემთ, იერიში დასავლეთით - მიკოლაივის და ოდესის მიმართულებით - მიიტანონ. მოსალოდნელია, რომ იერიშის გაგრძელებამდე რუსები დამატებით ძალებს დაელოდებიან.

 

რას ვადევნოთ თვალი?

ზაპოროჟია: საოკუპაციო ძალები ყირიმის ფრონტიდან ჩრდილოეთით, ზაპოროჟიაში ასვლას ცდილობენ, რათა დონბასის შეხების ხაზთან მებრძოლი უკრაინული ძალები ორი მხრიდან ალყაში მოაქციონ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა არმიამ, საჭიროების შემთხვევაში, ტაქტიკური უკან დახევა შეძლოს.

კიევი: შეძლებენ თუ არა რუსები ჩერნიჰივის და სუმის ძალების შეერთებას და კიევისთვის აღმოსავლეთიდან ახალი ფრონტის გახსნას?

ბელარუსი: გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსმა, რომელიც აქამდე რუსული საოკუპაციო ძალების მხარდამჭერ ფუნქციას ითავსებდა, ომში პირდაპირ ჩართვა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა სცადოს. სავარაუდოდ ბელარუსული ძალები დასავლეთ უკრაინაში მომარაგების ხაზების გადაჭერას დაისახავენ მიზნად.

 

მომზადებულია ომის შესწავლის ინსტიტუტის (Institute for Study of War) მასალებზე დაყრდნობით.

მსგავსი სიახლეები